ქუჩის მოვაჭრეებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

ქუჩის მოვაჭრეებს სურთ ვაჭრობა არა იქ, სადაც მათ თბილისის მერია სთავაზობს, არამედ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას - რესპუბლიკის მოედანზე
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციაზე ასამდე ადამიანი შეიკრიბა - ქუჩის მოვაჭრეები, ლეიბორისტული პარტიის და ახალგაზრდული მოძრაობები „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წარმომადგენლები, რომლებიც დედაქალაქის მერისგან, კახა კალაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

თბილისის მერი ახალი წლის შესახვედრად ყველას პირველი რესპუბლიკის მოედანზე იწვევს >>

თბილისის მერიამ 31 დეკემბერს პარლამენტის წინ დაშალა მომიტინგეთა კარვები, მათ შორის 2017 წლის დეკემბერში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი და მოძრაობა „სირცხვილიას“ კარავი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიდგა, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა.

ყველაზე ხმაურიანი სკანდალები საქართველოში: 2019 წლის ტოპ-5

იმ ტერიტორიაზე, სადაც კარვები იდგა, მერიამ ჯერ გასაბერი სასრიალოები დააყენა, შემდეგ საქანელები. ახლა იქ ანიმატორებიც იმყოფებიან. პარლამენტის წინ მეორე მხარეს მერიამ ქუჩის ვაჭრობისთვის დახლები დაამონტაჟა. ამ მოქმედებებმა ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი გამოიწვია.

პარლამენტთან ვაჭრობა თავად ქუჩის მოვაჭრეებსაც არ სურთ. ისინი ითხოვენ ადგილებს რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ახლა მიმდინარეობს სადღესასწაულო ღონისძიებები, რადგან არ სურთ ივაჭრონ შვილმკვდარი მამის თვალწინ და იმ ადგილას, სადაც სისხლი დაიღვარა.

„მოვითხოვთ შეწყდეს ქუჩის მოვაჭრეების დევნა, შეწყდეს მათი შეჯახება მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მიეცეთ მათ უფლება ივაჭრონ რესპუბლიკის მოედანზე 15 იანვრამდე, როგორც ეს ადრე იყო შეთანხმებული“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ამასთან ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ თუ მერია არ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, ორშაბათს ისინი საპროტესტო აქციას კახა კალაძის სახლთან გამართავენ.

ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა განახლდა

ადრე თბილისის მერიამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე ადგილები მიიღეს მხოლოდ იმ მოვაჭრეებმა და კომპანიებმა, რომლებმაც წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია, ხოლო დანარჩენებისთვის პარლამენტთან ალტერნატიული ტერიტორია გამოიყო.

„პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და შეუძლებელია, დავუშვათ იქ უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა. თბილისის მერია არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გარემოვაჭრეებს, სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ შემოთავაზებული ადგილებით“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიამ“ გადაწყვიტა კვირას ქუჩის მოვაჭრეებისათვის „დედაენის“ პარკში ფლიმარკეტი მოაწყოს, და მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა თბილისელები იმპროვიზებულ ბაზრობაზე დაპატიჟა.