აშენდება თუ არა ანაკლიაში პორტი – მთავრობა გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე შვიდჯერ ვერ შეძლო საერთაშორისო ინსტიტუტებთან ფინანსური გარიგების დახურვა. ქვეყნის ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის.
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებულ საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენების თაობაზე, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დეკემბერში მეშვიდედ ვერ შეასრულა ვალდებულება და მთავრობას ვერ წარუდგინა დოკუმენტაცია ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ.

ანაკლიის ინვესტორი: მნიშვნელოვანია პროექტი, და არა ფინანსური გარიგების დახურვის ვადები

ფინანსური გარიგება ითვალისწინებს 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან - EBRD, EIB, OPIC და NDB. ისინი ითხოვენ გარკვეული პირობების შესრულებას, რომელთა შორის ყველაზე მთავარია მოთხოვნა სახელმწიფოსადმი, დააზღვიოს ის განსხვავება, რომელიც კონსორციუმს კრედიტის გრაფიკით დაფარვისთვის არ ეყოფა. სახელმწიფომ ეს სახსრები უნდა გადასცეს კონსორციუმს, ხოლო მან, თავის მხრივ, ის ბანკებს უნდა გადაუხადოს.

ამ პირობებს კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს ხელისუფლება და ამ საკითხში ის დათმობას არ აპირებს. ამის გამო ფინანსური გარიგების დახურვა ჩაიშალა.

რას გადაწყვეტს სახელმწიფო

მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრე რეგიონული განვითარების სამინისტრომ კონსორციუმთან შეთანხმების შესაძლო გაწყვეტის შესახებ განაცხადა, ამ ეტაპზე უწყება აღნიშნავს, რომ ყველაფერი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გადაწყდება.

„საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან“ მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

ჰაერივით საჭიროა - მინისტრი ანაკლიის პორტის ინვესტორებისთვის დაწესებულ ვადებზე საუბრობს

„ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნეს „თი ბი სი ჰოლდინგმა“ და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ამერიკული კომაპანია SSA Marine, British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). თუმცა Conti International LLC–მ აგვისტოში განაცხადა, რომ კონსორციუმიდან გასვლას აპირებდა და კონსორციუმი მთავარი ინვესტორის გარეშე დარჩა.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. თუმცა მუშაობა ამაზე შეჩერდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კვლავ ვერ ჩაეტია ვადაში - რა იქნება შემდეგ?>>

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.