ხარბი ღორი, მორბენალი თეთრი ვირთხა და ჩვენი ყოფა ორი წლის გასაყარზე...

2019 წლის ეკონომიკური თავგადასავალი... ლარის გაუფასურება და მზარდი ინფლაცია, საბანკო რეგულაციები და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები, უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები, უმუშევრობა და სიღარიბე... ნეგატიური და პოზიტიური ტენდენციები.
Sputnik

სამსონ ხონელი

სამუშაო მაგიდას მივუჯექი, კომპიუტერი ჩავრთე, კლავიატურაზე პირველი სტრიქონები აიკრიფა... ძველის და ახლის გასაყარზე სტატიის თემატიკა წინასწარ ვიცი... კიდევ რამდენიმე საათიც და ღორი დაიკვლება. მომდევნო ერთწლიანი მონაკვეთის ათვლას თეთრი ვირთხა განაგრძობს. ეს თორმეტი თვეც მალევე გაირბენს და ვირთხის ავსა და კარგზეც მაშინ ვისაუბრებთ... ახლა კი დროა, თვალი გადავავლოთ განვლილ წელიწადს და ვნახოთ რა იყო გამორჩეული. ხუმრობა ხომ არ არის, ღორმა აღმოსავლური ჰოროსკოპის თორმეტწლიანი ციკლი დაასრულა და თავიდან იწყება ყველაფერი.

გაისად ბობრძანდით, ბატონო! ანუ მათთვის, ვისაც საკრედიტო ლიმიტი ზღუდავს

პოლიტიკის გარეშე!.. რატომ ასე კატეგორიულად, დააშავა რამე? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, კიდევ ერთხელ განვმარტავ: პირობა დავდე – არც ერთი სიტყვა პოლიტიკაზე. ასეც რომ არ იყოს, ნათქვამია, მკვდარზე, ან კარგს ლაპარაკობენ, ან არაფერსო... მე მხოლოდ პროცესს ვგულისხმობ, პოლიტფიგურანტებს არაფერს ვერჩი. ვეჭვობ, პირობა გავტეხე და არაფერი კი არა, ორიოდე სიტყვაში ყველაფერი ვთქვი. მოკლედ, ამჯერად მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ თემატიკაზე მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება... ეკონომიკა, ნუ იტყვი, ის ხომ ცოცხალია და თანაც ცაში ვარსკვლავებს წყვეტს − ბრძანებს მკითხველი ირონიულად. მაჯა ხომ ესინჯება? − ვიტყვი პასუხად და განვაგრძობ თხრობას. თანმიმდევრულად მივყვები...

უფრო გრძელი სია დავდო?... ანუ პოლემიკა უწყინარი პოსტის გამო...

ლარის კურსი... ჩვენში ამინდი უფრო სტაბილურია, ვიდრე სავალუტო კურსიო − იხუმრა მეგობარმა და მართალიც იყო. თავად განსაჯეთ, ერთი წლის განმავლობაში ლარი საშუალოდ 10 პროცენტით გაუფასურდა. დღეს 1 ამერიკული დოლარის შესაძენად ჩვენ 20-22 თეთრით მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე ამ ერთი წლის წინ. თუმცა მთავარი „მიღწევა“ ის არის, რომ ლარის არსებობის ისტორიაში მისი გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეროვნულმა ვალუტამ კომერციულ ბანკებში ე.წ. ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა. ლარი ამერიკული დოლარის მიმართ სამიან ნიშნულს გაუტოლდა...

შემცირებული შემოსავლები, დაკარგული ქონება და მოჭარბებული პრეტენზიები

ინფლაცია... ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ცხოვრების გაძვირება განაპირობა. ფასები გაიზარდა საკვებ პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებზე. ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადააჭარბა და ნოემბერში 7 პროცენტი შეადგინა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაცია ახლა 7.2 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს. გამართლდა თუ არა ეს  ვარაუდი, რამდენიმე დღეში შევიტყობთ, მაგრამ ფაქტია, რომ 2017 წლის შემდეგ პერიოდში ასეთი მასშტაბური ინფლაცია ჩვენში არ ყოფილა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და მზარდი ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე დეტალურად არ შევჩერდები, ამ საკითხზე წლის განმავლობაში ვწერდი. მოკლედ მოგახსენებთ, რომ ანალიტიკოსების უმრავლესობის შეფასებით, ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, დინამიკაში პოზიტიურია. ლარის გაუფასურება კი საგარეო ფაქტორებმა და ქვეყნის შიგნით, საფინანსო ბაზარზე ფულის მასის ზრდამ განაპირობა. ეს უკანასკნელი კი ეროვნული ბანკის „დამსახურებაა“, კობა გვენეტაძის უწყების არასწორი პოლიტიკის შედეგია. კერძოდ, ეროვნული ბანკი საფინანსო ბაზარზე ინტერვენციებითა და რეფინანსირების სესხების გაცემით მიზანმიმართულად ამცირებდა დოლარის და ზრდიდა ლარის მოცულობას. მოთხოვნა-მიწოდების ბალანსში დოლარის მუდმივი დეფიციტის გამო ეროვნული ვალუტა სულ უფრო და უფრო თმობდა პოზიციებს.

მოგვიწევს თუ არა გაზაფხულზე ერთმანეთი დავთვალოთ?..

ზაფხულის შუა პერიოდიდან მოყოლებული კობა გვენეტაძის უწყებამ მიდგომა შეცვალა. ლარის გაუფასურებასა და მზარდ ინფლაციას ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაუპირისპირა. სამი თვის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი რამდენიმე პუნქტით გაიზარდა და უკვე 9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის მთავარი ბანკირი გვპირდება, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კვლავაც გაგრძელდება და ასე იქნება ვიდრე ეროვნული ვალუტის კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდება. ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა დიდი ნაწილი ამ პოზიციას ეთანხმება. მათივე შეფასებით, თუ რეფინანსირების სესხები მოითოკება, ლარმა, შესაძლოა, სტაბილურობა შეინარჩუნოს, რაც ინფლაციურ პროცესზე დადებითად აისახება.

საბანკო რეგულაციები... ეროვნული ბანკი ვახსენეთ და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა დოკუმენტი − „კვალიფიციური დაკრედიტების ჩარჩო“. რეგულაციათა ეს პაკეტი სავალდებულოა საფინანსო სექტორის უკლებლივ ყველა სუბიექტისთვის. რა არის მიზანი და რას ითვალისწინებს ახალი წესები, როგორია შედეგი? ამ კითხვებს დეტალურად მომდევნო სტატიაში ვუპასუხებ. ამჯერად მოკლე რეპლიკით შემოვიფარგლები. თავიდან იყო შოკი, საკრედიტო შიმშილი. შემდეგ საბანკო სექტორმა, მცირე და საშუალო ბიზნესმა ახალ რეალობას თანდათან აუღო ალღო.  

აღიარებული შეცდომა... ანუ რას და როგორ დააფინანსებს მთავრობა?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები... „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მესამე კვარტალში 417.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. თუმცა 2019 წლის პირველ ცხრა თვეში ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 909 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება მეორე პოზიციას, იმავე უწყების მონაცემებით, ნოემბერში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 151.0 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 13.3 პროცენტით მეტია 2018 წლის ნოემბრის ამავე მაჩვენებელზე. მკითხველისთვის არახალია, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტუციების შემოდინებამ მოიკლო, ხოლო ფულადი გზავნილების მოცულობა მზარდია. მაგრამ, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ 2018 წელს საერთაშორისო ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თითქმის 200 მილიონი ამერიკული დოლარით აჭარბებდა. საბოლოო სტატისტიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტენდენცია უცვლელი დარჩება.      

ოპს!.. თქვენ გელით ევროპაში დასაქმება!.. რას გვპირდება ბიძინა ივანიშვილი?

საგარეო ვაჭრობა... ექსპორტს იმპორტი უსწრებს, მაგრამ სავაჭრო სალდო თანდათან უმჯობესდება. „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11.504 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის ამავე მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. 2019 წლის თერთმეტ თვეში უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი 547 მილიონი ამერიკული დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება გამოწვეულია ექსპორტის ზრდის ტენდენციით.  

ტურიზმი... წინასწარი მონაცემებით, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს, 2019 წლის თერთმეტ თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 1.2 პროცენტით მეტია წინა წლის ამავე მაჩვენებელზე. ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა შეფასებით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გაცილებით მაღალია და ივნისის მეორე დეკადიდან მოყოლებული პოლიტიკური ვნებების ქუჩაში ფრქვევა რომ არა, ციფრები უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

სატელევიზიო „კარწინკა“... ანუ ფიქრები წყაროზე

უმუშევრობა... „საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო თექვსმეტი თვის განმავლობაში უმუშევრობის დონე მინიმალურია. არადა, სხვაგვარად ფიქრობს ხალხი, დიდი უმრავლესობა ქვეყნის მთავარ გამოწვევად სწორედ უმუშევრობას ასახელებს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ოფიციალური მონაცემების მიღმა სხვა რეალობაა. ლოგიკურია კითხვა, როგორ ითვლიან უმუშევრობას? სტატისტიკოსთა განმარტებით, რეალობას აცდენილი ციფრები დათვლის მეთოდოლოგიის შედეგია. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ პროცენტულ ჭრილშია გამოხატული. გარდა ამისა, უკლებლივ ყველა თვითდასაქმებული გათვალისწინებულია დასაქმებულთა რაოდენობაში. ასე რომ, უმუშევრობის დონის შემცირების გამომწვევი მიზეზი ჩვენში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებაა და არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების მაღალი მაჩვენებელი. ერთი სიტყვით, გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება... 

ოცნების ერთობა... პოლიტიკური ნოეს კიდობანი ანუ ორი აქციის მოლოდინში...

ეკონომიკური ზრდის ტემპები... „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ვარაუდით, ნოემბერში ეს მაჩვენებელი 7 პროცენტის ფარგლებშია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ასეთი მაღალი ტემპი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამ ვითარებაში ლოგიკურია კითხვა, თუ ეკონომიკური ზრდა არის, რატომ და სად გარბის ხალხი? ამ კითხვაზე საპასუხოდ ვიტყვი, რომ 2020 წელსაც სიღარიბის მაღალი მაჩვენებლით ვხვდებით. დღეს საშემოსავლო და ქონებრივი დიფერენცირება პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.  

და, ბოლოს, განუხორციელებელი პროექტები... ყურადღებას მხოლოდ ანაკლიის პროექტზე შევაჩერებ.

თბილისიდან ქალაქად და სოფლად... ანუ ვიცით თუ არა, რამდენი დაგორავს?

კონსორციუმმა და სახელმწიფომ ერთობლივად უკვე 250 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. დღეს კი ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები გაჩერებულია. რატომ? კონსორციუმი სახელმწიფოს პროექტის საბოტაჟირებაში ადანაშაულებს. ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ კონსორციუმმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. კერძოდ, დადგენილ ვადაში ვერ მოიზიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული კაპიტალი და საფინანსო ინსტიტუტებისგან ვერ მოიპოვა წინასწარი თანხმობა 400 მილიონი დოლარის სესხზე. ახლა საინტერესოა, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულების შესახებ...

სულ ეს არის. დასკვნის სახით ვიტყვი – ღორმა თეთრ ვირთხას ესტაფეტა გადასცა... სასტარტო პოზიცია არც უიმედოა და არც ძალზე სახარბიელო. ვნახოთ, რა იქნება ერთი წლის შემდეგ, ვირთხა ხომ კარგად დარბის...