თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. რუსი სენატორი გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ ცხინვალის საპატიმროდან ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იძლევა იმედს იმისა, რომ 2020 წელი მეტად კონსტრუქციული გახდება საქართველოს და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ურთიერთობების კუთხით.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საკმაოდ ნერვული ვითარება იყო ექიმ გაფრინდაშვილთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ის საახალწლოდ სამშობლოში დაბრუნდა, კარგ განწყობას ქმნის და იძლევა იმედს საიმისოდ, რომ ახალი 2020 წელი უფრო კონსტრუქციული იქნება როგორც საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის, ისე მთლიანობაში რეგიონში ურთიერთობების კუთით. კერძოდ, იმედი მაქვს, რომ იგი დაუკარგავს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს რუსეთისა და სხვა პარტნიორების მიმართ მტრული განწყობის შექმნის საბაბს და ჩვენ ახალ ჰორიზონტებზე გავალთ”, - განაცხადა კარასინმა ექსკლუზიურ ინტერვიუში „Sputnik-საქართველოსთან“.
შაბათს ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტოს ხელისუფლებამ გაფრინდაშვილი გაათავისუფლა. ქართველი ექიმი უკვე თბილისში, საკუთარ სახლში დაბრუნდა.
„მნიშვნელოვანი ძალისხმევა განხორციელდა იმისთვის, რომ ექიმი გაფრინდაშვილი შინ დაბრუნებულიყო. ეს ეხება პოლიტიკოსებს თავად საქართველოში, მოლაპარაკებების ყველა ფორმატსა და ქართველ პარლამენტარებს. მე გავიგე, რომ დღეს ირმა ინაშვილი გაფრინდაშვილს პრაქტიკულად „საზღვარზე“ დახვდა. ჩვენ უნდა ვიყოთ განწყობილი გადაწყვეტილებების მოძიებაზე, იმაზე, რომ ადამიანებმა თავი უფრო თავისუფლად იგრძნონ, ისე რომ წარმოშობილი ინციდენტები პოზიტიურად, კონსტრუქციულად გადაიჭრას. მოდით განვავითაროთ კეთილმეზობლური ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, ამის შემდეგ კი ყველაფერი დანარჩენი - უფრო რთული და გრძელვადიანი, დალაგდება“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს წევრმა.
კარასინმა ცხინვალის გადაწყვეტილება ახალი კონსტრუქციული მიდგომების მოძიებისკენ მოწოდებად შეაფასა.
„რუსულმა მხარემ ხელი შეუწყო იმას, რომ ასეთი გადაწყვეტილება დამდგარიყო. ჩვენ შეგვიძლია მივულოცოთ ცხინვალის ხელმძღვანელობას ეს გადაწყვეტილება. მოდით, მომავალ 2020 წელს ამავე სულისკვეთებით გავაგრძელოთ. ეს, ბუნებრივია, ეხება საქართველოს იმ ძალებს, რომლებმაც უნდა შეამცირონ თავიანთი შიდაპოლიტიკური ამბიციები, რომლებსაც ისინი რუსეთის ფედერაციის, მეზობლების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისადმი უნდობლობის გაღვივების ხარჯზე ავითარებენ. ჩვენ უნდა ავეწყოთ პოზიტიურ განწყობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი არაფერი იქნება”, - განაცხადა კარასინმა.
ცნობილი ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ცხინვალის რეგიონში იმისთვის გაემგზავრა, რათა სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული მასწავლებლისთვის. ქალი ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავდა, ადგილზე კი მისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენის საშუალება არ არსებობდა.
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრება >>
გაფრინდაშვილი „საზღვრის დარღვევისთვის“ დააკავეს, 20 დეკემბერს მას ერთი წელი და ცხრა თვე მიუსაჯეს. მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისსა და სხვა ქალაქებში არ წყდებოდა საპროტესტო აქციები. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ექიმი შეიწყალეს.