საქართველოში არასრულწლოვან ეჭვმიტანილებთან ახლებურად იმუშავებენ

სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და ექსპერტები მივიდნენ კონსენსუსამდე იმის თაობაზე, თუ როგორ გამოასწორონ მართლმსაჯულების სისტემა.
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ში 1 აპრილიდან ახალი უწყება – არასრულწლოვანთა სამმართველო ამუშავდება, რომელიც თბილისის მასშტაბით იმუშავებს, განაცხადა ქვეყნის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.

შეთანხმებას ამის შესახებ მიაღწიეს უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის დროს. დისკუსიაში, რომელსაც მეზვრიშვილი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდნენ ფსიქოლოგები, ექსპერტები, ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

სახელმწიფო ინსპექტორმა მოზარდის გარდაცვალებამდე მოვლენების სურათი აღადგინა>>

თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა თბილისში 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის დაღუპვის შემდეგ. ლუკა 17 დეკემბერს გარდაიცვალა რამდენიმე დღით ადრე მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის დროს მიღებული ტრავმების შედეგად. ძირითადი ვერსიაა თვითმკვლელობა, თუმცა საპატრიარქო უბედურ შემთხვევას არ გამორიცხავს.

ლომჯარია: შესაძლოა, არასრულწლოვნების გამოკითხვა აუდიო- ან ვიდეოჩანაწერით ჩატარდეს

ამ საქმეზე დაკავებულია პოლიციის უფროსი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. მას ბრალად ედება სირაძისთვის ჩვენების მიცემის იძულება, რაც უკავშირდება მოზარდის ყოფილ სკოლაში ღამით შესვლასა და კედლებზე სხვადასხვა წარწერის გაკეთებას. ოპოზიციამ მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა. მათი თქმით, საჭიროა მართლმსაჯულების მთელი სისტემის შეცვლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით 2020 წლის 1 აპრილიდან ექნება არასრულწლოვანთა სამმართველო, სადაც იმუშავებენ სპეციალიზებული გამომძიებლები, ამ მიმართულებით მენეჯმენტსაც გავლილი ექნება შესაბამისი გადამზადება", – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა>>

მისი თქმით, იყო ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა, მაგრამ ისინი უკვე მოგვარდა. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ სამმართველო აღიჭურვოს ვიდეოკამერებით, რათა მათ დააფიქსირონ მთელი პროცესი – არასრულწლოვანის იქ შესვლიდან გამოსვლამდე.

„ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არაა" – პრემიერი მოზარდის გარდაცვალებაზე

მოგვიანებით შსს წარმოადგენს გეგმას, თუ როგორ შეიქმნას ბავშვებზე ორიენტირებული გარემო რეგიონებში.

ასევე შეიქმნება სახელმძღვანელო გამომძიებლებისთვის, თუ როგორ იმუშაონ არასრულწლოვნებთან გამოძიების პროცესში. მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია როგორც არასრულწლოვან მოწმეებზე, ისე ბრალდებულ და დაზარალებულ არასრულწლოვნებზე.

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდის კონკრეტულ გეგმას, განათლების სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად შექმნის ფსიქოლოგების ბაზას, ხოლო იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს კანონპროექტს ადვოკატების სავალდებულო დასწრების შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარია არასრულწლოვნის, როგორც მოწმის გამოკითხვაზე.