თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გადასახადების გადაუხდელობის გამო ინკასო დაადო სამ ქართულ ტელეკომპანიას - „ტვ პირველს“, „კავკასიას“ და „რუსთავი2“-ს.
სასამართლომ Rustavi 2-ის 60%-იანი წილი დააყადაღა >>
ინკასო - საგადასახადო დავალიანების თანხის ამოღება უშუალოდ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 23 დეკემბერს მოუწოდა სამ ტელევიზიას, რომელთაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ერიცხებათ, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.
ტელეარხ „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა აღნიშნა, რომ ინკასო ტელეარხის დახურვის ტოლფასია.
„აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას“, - დაწერა ჯანგირაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.
ინფორმაცია ინკასოს გამოყენების შესახებ ტელეკომპანია „ტვ პირველშიც“ დაადასტურეს. იქ აღნიშნეს, რომ ტელეარხმა გადახდის გადავადება 15 იანვრამდე ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
რაც შეეხება „რუსთავი2“-ს, რომელსაც წელს მფლობელი შეეცვალა, მისი გენერალური დირექტორი პაატა სალია ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
TV Pirveli-ს მფლობელის გამოკითხვა: სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური ქვეტექსტი >>
„მე ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედება ამ შემთხვევაში, ვინაიდან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება. ჩვენ, მენეჯმენტი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ, დღესასწაულების წინ, არხის პარალიზება არ მოხდეს“, - განაცხადა სალიამ.
ამასთან სალია ერთადერთია, ვინც საგადასახადო დავალიანების თანხა გაამხილა - 27 მილიონი ლარი. დანარჩენ ტელეკომპანიებს საგადასახადო დავალიანების თანხა არ დაუსახელებიათ.
ტელეკომპანიებმა „ტვ პირველმა“ და „კავკასიამ“ არაერთხელ განაცხადეს, რომ მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, ხოლო „რუსთავი2“, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ოპოზიციური მედიის რეპუტაცია ჰქონდა, 2019 წელს ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ უფრო თავშეკავებული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა.