„მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს“ – რომის პაპი ილია მეორეს ვატიკანში იწვევს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით 1980 წლის 5–6 ივნისს იმყოფებოდა, სადაც ის რომის პაპს იოანე პავლე II-ს შეხვდა.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს რომის პაპი ფრანცისკე წერილს უგზავნის და ვატიკანში იწვევს. ილია II-სთვის გაგზავნილი წერილი საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

„რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!" (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული სიახლოვითა და გრძნობით მახსენდება თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა. მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს, რომ შესაძლებლობა მომცა გულში ჩამეკრა ძმა და მოწმე, რომელიც უფალმა აღავსო ლოცვა-კურთხევით, ძვირფას ქართველ ხალხს რომ მოუვლინა", – ნათქვამია წერილში. 
საქართველოს ელჩმა ვატიკანში რომის პაპს წმინდა ნინოს ჯვარი აჩუქა

როგორც რომის პაპის წერილშია აღნიშნული, ილია მეორის ვატიკანში ვიზიტიდან 2020 წელს 40 წელი სრულდება და ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებსაც, სურთ, ილია მეორეც დაესწროს.

„ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და "სიქსტის" საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებოდა თქვენი უწმინდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა", – აღნიშნულია ილია მეორისადმი მოწერილ წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით 1980 წლის 5-6 ივნისს იმყოფებოდა, სადაც ის რომის პაპს იოანე პავლე II-ს შეხვდა. მაშინ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველი მეცნიერები ვატიკანის არქივებში ქართულ დოკუმენტებზე მუშაობას შეძლებდნენ. თბილისში გაიხსნა ვატიკანის საელჩო, ხოლო კავკასიაში – რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო.