თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ირჩევენ 365 გამოჩენილ პიროვნებას, რომელთა შესახებ იქნება მოთხრობილი წიგნში სახელწოდებით „ჩვენი დროის ადამიანები“.
საქართველოს საუკეთესო მზარეულს „მასტერშეფი“ 1 იანვარს გამოავლენს >>
სამშაბათს საქართველოს დედაქალაქში წარმოადგინეს იმ ადამიანთა პირველი ოცეული, რომლებსაც ეს ტიტული ერგოთ. ეს არის სხვადასხვა პროფესიის ათი მამაკაცი და ათი ქალბატონი, მათ შორის არიან მოქანდაკე ნერსე ბაცაში, პოეტი ბელა შალვაშვილი, ეკოლოგი ავთანდილ ჩხიკვაძე და სხვ.
გამოჩენილ პიროვნებათა ოცეული წარმოადგინა ქართველმა მხარეთმცოდნემ და ჟურნალისტმა გვანჯი მანიამ, ორგანიზაცია Giorgi Union-ის მხარდაჭერით.
„ჩვენმა ორგანიზაციამ გამოავლინა ადამიანები, რომელთა მიღწევები, რეკორდები და ფენომენები უტოლდება ან უკვე აღემატება არსებულ მსოფლიო რეკორდს. მაგალითად, აქ წარმოდგენილია ელენა აბაშიძე (98 წლის) - მეცნიერებაში ახალი მიმართულების ფუძემდებელი. მან შექმნა თეორია, როდესაც სხვა მეცნიერები მრავალი საუკუნეების განმავლობაში ცდებოდნენ”, - განაცხადა გვანჯი მანიამ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ორგანიზაცია ეტაპობრივად წარადგენს ახალ ადამიანებს, რომლებსაც ეს ტიტული მიენიჭებათ, ხოლო თავად წიგნის გამოქვეყნება მომავალი წლის ბოლოსთვის იგეგმება - ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხარდაჭერასა და დაფინანსებაზე.