დეკემბრის სამკურნალო ნობათი

„თხმელინი“, „აბუთიძის წამალი“, „პირის კანის სალბუნი“ და „Populeon” - ზამთრის მიუხედავად, ბუნება დეკემბერშიც გვანებივრებს მწვანე სამკურნალო საშუალებებით
Sputnik

მურყანი, თხმელა, შავთხილა (Alnus spp., მოხევური – მურყანაის ხე; იმერული, რაჭული, ლეჩხუმური – თხმელა, რთხმელა; გურული – თხემლა; ჭანური – თხომბუ, თხომუ; მეგრული – თხომ, თხუმ, თხუმუ; სვანური – ბელყაჩ, ბელყეჩ, ბელკემ) - სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის  ნაყოფი და ფოთლები, რომლებსაც აგროვებენ მთელი წლის მანძილზე.

მურყნის ქერქები და ნაყოფები დიდი ოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს და წითელ საღებავს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც შემკვრელი საშუალება. ქართულ ყოფაში მურყნის ქერქი გამოიყენებოდა ქსოვილების შესაღებად სხვა მცენარეებთან ერთად. მცენარის დანაყილ ფოთლებს აყრიდნენ ჭრილობაზე სისხლდენის შესაჩერებლად.

ნოემბრის ნობათი - რომელი სამკურნალო მცენარეები უნდა დავამზადოთ ნოემბერში

მურყანი ძვირფას სამკურნალო მცენარედ ითვლება. საქართველოში მიიღეს ქართული პრეპარატი „თხმელინი“, იგივე „ალნივალი“, რომელიც საუკეთესო შემკვრელი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ამ პრეპარატმა გაუწია დიდი სამსახური ჩვენს მებრძოლებს.

ტუხტი (Althaea spp., მესხური, ჯავახური – თუხტი; ლეჩხუმური – დუხტი; რაჭული – ვირიმოლოქა; აჭარული – ფოხვერი); სამკურნალოდ გამოიყენება ტუხტის სხვადასხვა სახეობების ფესვები და ყვავილები: ყვითელი ტუხტი (Althaea rugosa, კახური – მამალი ბალბა, ვირის ბალბა; თუშური – ყვითელი ბალბა; ხევსურული – სადროშაე; ლეჩხუმური – ვირიმოლოქა; ინგილოური – ძაღლი ბალბა); სამკურნალო ტუხტი (A. officinalis); ბაღის ტუხტი (A. rosea); ხომეჭი ტუხტი (A. armeniaca)  და სხვ. ფესვებს აგროვებენ  აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით და თებერვლიდან მარტის ჩათვლით, ყვავილებს - ივნისის შუიდან სექტემბრის შუამდე. ხომეჭი ტუხტის ფესვებს - ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით.

ტუხტს როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე, იცნობენ უხსოვარი დროიდან.  სამკურნალო მიზნით იყენებენ XV საუკუნიდან, მანამდე ეს მცენარეები მეფეების სავარდეებს ამშვენებდა.

ტუხტის ფარმაცევტულო პრეპარატები გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, სასუნთქი გზების დამამშვიდებელი, ნაღველის გამათხიერებელი საშუალება. ტუხტის ფესვების ფხვნილით ამზადებენ აბებს, ფოთლები კი შედის ამოსაფენ ნაკრებთა შემადგენლობაში.

ასე ნაცნობი და უცნობი კუნელი – ხელმისაწვდომი ხილი და სამკურნალო საშუალება

ქართულ ხალხურ მედიცინაში ტუხტი ცნობილია, როგორც ხველების, სასუნთქი გზების კატარის, კუჭ-ნაწლავის აშლილობის, კანის დაავადებების სამკურნალო საშუალება. ფესვების ნახარშში აბანავებდნენ გამხდარ და სუსტ ბავშვებს, ტანზე რომ არაფერი შეყროდათ.

ძველად, სვანი ქალები ტუხტის ნაყოფებს (ფოხორეის) ლოყების შესაფერად იყენებდნენ. ტუხტის ნაყოფი კანს წითლად ფერავს და სამი დღის განმავლობაში რჩება კანზე.

რაჭაში ტუხტს სპეციალურად აშენებდნენ. მისგან ამზადებდნენ წამალს, რომელიც „აბუთიძის წამლის“ სახელითაა ცნობილი.

ძირმწარა (Aristolochia clematidis, სულხან-საბა ორბელიანი – ძიმწარე; ქიზიყური – ზარავანდი; გურული – საყმაწვილო; იმერული – ყალიონა; მესხური, იმერული – ძიმწარა; აჭარული – წამალდიდი; ჭანური – ჭანდიდი; მეგრული – ტურაში ყუჯი, ზინტკვილი) - არასასიამოვნო სუნის მქონე მხოხავფესურიანი მცენარეა, ძლიერ შხამიანი. ხალხურ მედიცინაში იყენებენ დამწვრობის, წყალმანკის, წითელი ქარის სამკურნალოდ და მშობიარობის დროს საშვილოსნოს შეკუმშვის გასაძლიერებლად. აგრეთვე, როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, მენსტრუალური ტკივილის შემამსუბუქებელი. ანტისიფილისური და ხველების საწინააღმდეგო საშუალება. ძირმწარას ძირებს და მის წვენს კბილის ტკივილის დასაყუჩებლად, ნახარშს კი საყოფაცხოვრებო და ცხოველების პარაზიტების წინააღმდეგ. ფურუნკულებზე და კარბუნკულებზე მოსამწიფებლად იფენენ მის ფოთლებს, ფესვების ფხვნილს ჭრილობების შესახორცებლად, მუცლის ტკივილისა და წითელი ქარის დროს. ლეჩხუმელი ექიმები მკურნალობდნენ გველის ნაკბენს და შარდის შეკავებას.

ხილის „ენერგეტიკული ბატონები“ – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ძველ საქართველოში მეტად პოპულარული ყოფილა „პირის კანის სალბუნი“ - ძირმწარას ფესვების ნიღაბი. ქართველ ქალები სახის კანის ფერის გასაუმჯობესებლად ძირმწარას ფესვების წვენს უმატებედნენ სიმინდის ფქვილს და ნიღბის სახით იდებდნენ კანზე.

ძირმწარას ფესურებს და ფესვებს აგროვებენ ოქტომბრის შუიდან დეკემბრის ჩათვლით და თებერვლის შუიდან აპრილის ბოლომდე.

კომში, ბია  (Cydonia oblonga დასავლური – ბია; ინგილოური – ბიაჲ; ჭანური – ჰაივა; კახური – ტურის კომში, ბიაკომში) - ყველასათვის კარგად ცნობილი მკურნალი ბია უხსოვარი დროიდან პოპულარულია, როგორც პირის გემოს გასაუმჯობესებელი და სამკურნალო საშუალება.

დავით ბატონიშვილი „იადიგარ დაუდში“ - ბიის გულს, წვენს, მურაბას, ფოთოლს, ბიის რუბის, შარბათს - მოიხსენიებს კუჭის აშლილობის, თავის ტკივილის, პირღებინების და სხვა დააადებების დროს: „და მოიტანე ბიის გული, დანაყეთ და ზომიერი წყალი დაასხით და გამოწურეთ და ლუაბათ ქენით, გაწურეთ და შაქრის მყინვარითა შარბათად ქენით და თავმტკივან კაცსა ასვით, მწოვედ კარგად უზამს. საფრას გააქარვებს და თავის ტკივილს უშველის... და თუ წამლისა სმასა უკანა კიდევ გულმან ან რევა და ან ზიდება დაუწყოს ან უნაბისა ან ტარხუნისა, ან ბიისა და ან ვაშლისა ფოთოლი კევსავით აღეჭონ და ამათი წვენი კი ჩაყლაპონ და გულის რევასა და გულის ზიდებასა ორსავე უკუაგდებს“.

კომში და მისი სასარგებლო თვისებები

კომშის ნაყოფების და თესლების ნახარშს იყენებენ ყელში გამოსავლებად ყელის ტკივილის დროს. რაჭაში კომშის ფოთლებს სპეციალურად ინახავდნენ და მის ნახარშს უნიშნავენ კოლიტის დროს. ცაგერში - ხველების წინააღმდეგ.

სამკურნალო მიზნით კომშის თესლებს აგრივებენ ოქტომბერ-დეკემბერში, სრული სიმწიფის პერიოდში. კომშის, მუხის და თუთის ახალგაზრდა ყლორტებს თანაბარი რაოდენობით ხარშავენ წყალში (წყალი რომ განახევრდეს) და ივლებენ პირის ღრუში ღრძილებიდან სისხლდენის დროს.

სურო, ფათალო (Hedera spp., ქართლური, კახური – ფათალო; ინგილოური – ჟუან; ჭანური – მსიჯი, მსუჯი; მეგრული – სურუ, ცურუ; სვანური – ბარდ, ბაარდ; გურული – ტრედის სურო) - სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთლები და ნაყოფები. ამ უკანასკნელს აგროვებენ სექტემბრიდან თებერვლის ბოლომდე, ფოთლებს მთელი წლის მანძილზე.

ქართულ ხალხურ მედიცინაში სუროს იყენებენ ჭრილობების მოსაშუშებლად, ურევდნენ თავის ტკივილის წამლებში. სუროს ნაყოფები დიდი ოდენობით შეიცავს ვიტამინებს და ქართველი ექიმები მის ნახარშს ნიშნავდნენ ცინგის წინააღმდეგ. სუროს ახალგაზრდა ყლორტებს დანაყილი სახით, ან მთლიან ფოთლებს ხმარობდნენ საფენად - დაჩირქებული დამწვარი კანის სამკურნალოდ, ფათალო ხალხში ცნობილია ლორწოვანი გარსის ქრონიკული კატარის, ტუბერკულოზის და რაქიტის სამკურნალო საშუალება.

ქართული ქარვისფერი ღვინო The Washington Post-ის ყურადღების ცენტრში მოექცა

სუროს უძველესი დროიდან იყენებენ დაფნისა და ქაფურის ზეთთან ერთად ბალზამების, აგრეთვე, ფერადი ზეთოვანი საღებავების წარმოებაში.

თუთა (Morus alba,  ქართლური – ფურცლითუთა; ქართლური, კახური – მჭადა, ფურცელი; კახური – მრეში; ქიზიყური – ჯალღა; იმერული, რაჭული, ლეჩხუმური – ბჟოლა; ოკრიბული – ჯორაბჟოლა; გურული, აჭარული, ჭანური, მეგრული – ბჟოლი; აჭარული – ჟოლი; ინგილოური – მამალ გაჰრაი, ჟალღა; ჭანური – მჟოლი; მეგრული – მჟოლი, ჯამპი, ჯაპი) - სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ფესვის ქერქი, რომელსაც აგროვებენ ოქტომბრის შუიდან აპორილის მეორე ნახევრამდე, ფოთოლს და ნაყოფს - მაისიდან აგვისტოს ჩათვლით.

თუთა და მისი სამკურნალო თვისებები

ქართულ ხალხურ მედიცინაში თუთის ფესვების ქერქს ურევდნენ სხვა მცენარეული ნაკრების შემადგენლობაში ავზნის სამკურნალოდ. თუთის ფოთლების ნახარშით მკურნალობდნენ ღვიძლის ტკივილს, ყელის წყლულებს, მალარიას და დიაბეტს. თუთის მშრალი ნაყოფი და სიროფი გამოიყენება როგორც გამაგრილებელი, შემამსუბუქებელი და კუჭის ამშლელი საშუალებაა. სიროფი კარგად მოქმედებს ყელის დაავადებების დროს. ფესვების ქერქს აქვს შარდმდენი თვისება.

ბროწეული (Punica granatum,  ქიზიყური, აჭარული – ბროწოლი; ზემოიმერული – ბრაწოული; იმერული – ბერწოული, ბრეწოული; ლეჩხუმური, რაჭული – ბროწოული; ინგილოური – ბროწოლ; ჭანური – ბერწეული, ბრეწეული; მეგრული – ბერწული, ბრეწეული) - ქართულ ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ ბროწეულის ყვავილს, ბროწეულის მარცვალს, ქერქს, ფესვებს, წვენს, ბროწეულის ძირის ერბოს, ანუ ზეთს, ბროწეულის რუბს, ბროწეულის შარბათს ყელის ტკივილის წინააღმდეგ, სისხლდენის შესაჩერებლად, მადის მომგვრელად, კუჭის აშლილობისას, გაძნელებული მენსტრუაციის დროს და სხვ. ბროწეულის ქერქს ხმარობენ როგორც ჭიის დამდენ საშუალებას.

მიუხედავად ეფექტური სამკურნალო თვისებებისა, ბრწეულის ქერქების გამოყენება ჭარბი დოზით ხანგრძლივი დროით არ არის სასურველი, რამდენადაც დიდი ოდენობით შეიცავს ალკალოიდებს და მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ზრდის არტერიულ წნევას, იწვევს პირღებინებას, ფაღარათს, ჭვალს, პულსის დაქვეითებას, გულის წასვლას, ძლიერ ოფლდენას, კრუნჩხვებს და ზოგჯერ სიბრმავესაც კი.

ბროწეული და მისი სასარგებლო თვისებები

ბროწეულის ქერქის ნახარშს სხვა მცენარეებთან ერთად ასმევენ მუცლის ტკივილის დროს, დიზენტერიის წინააღმდეგ, ფესვების ნახარშით მკურნალობენ რევმატიზმს, ქერქის ნახარშს შავბალახას და ქონდართან ერთად ასმევენ დიზენტერიის დროს.

ბროწეულისგან დამზადებულია არაერთი ფარმაკოლოგიური პრეპარატი. სამკურნალო მიზნით მცენარის ფესვებს, ღეროებსა და ტოტების ქერქებს აგროვებენ ოქტომბრის შუიდან მარტის ბოლომდე.

ხის ტაბელა, კილამურა (Polypodium vulgare, კახური – ჩადკოკო; თუშური – ჩადა, მჩადა; მოხევური, მთიულური, ფშავური, ხევსურული, ლეჩხუმური, იმერული – ძირტკბილა; სვანური – ჴვაშაშ ჟაგრილ) - ფესურას იყენებენ ხველების საწინააღმდეგო საშუალებად გაცივების და ასთმის დროს. აგრეთვე, ელენთის, ღვიძლის და შარდის ბუშტის დაავადებების დროს და როგორც აბორტის, ჭიის გამომდენი და შარდმდენი საშუალება.

მას ხშირად ძირტკბილას უწოდებენ, რადგან მისი ფესურები ტკბილია და ბავშვები ჭამენ.  რაჭაში კილამურას ფესურებს სპეციალურად აგროვებენ და იყენებენ ძირტკბილას შემცვლელად.

აკრძალულია კატეგორიულად: ბროწეულსა და მის წვენზე უარი უნდა თქვათ, თუ...

სამკურნალო მიზნით მცენარის ფესურებს აგროვებენ მარტიდან დეკემბრის ბოლომდე.

მთრთოლავი ვერხვი (Populus tremula,  ინგილოური – დარანღი; მეგრული – ფრიალე; სვანური – ვერხვლა, ჲერხვლა, ერხ) - სამკურნალო მიზნით აგროვებენ ვერხვის ქერქებს თებერვლიდან მაისამდე და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის მეორე ნახევრამდე. ერთერთი უძველესი სამკურნალო საშუალებაა ვერხვის მალამო, რომლის სახელი ძველი სახელით “Populeon” არის ცნობილი. ვერხვის კვირტებს ბალზამისებური სუნი და არასასიამოვნო მწარე გემო აქვს. მისი მზა პრეპარატები და ეთერზეთი გამოიყენება დამწვვრობით გამოწვეული ჭრილობების, მოშხამული და სხვა ჭრილობების სამკურნალოდ. ქერქისა და ფესვების ნახარშს ასმევენ კუჭის დაავადებების - კერძოდ, კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითებისას. აგრეთვე, შარდის შეკავების, ვენერიული დაავადებების, ავიტამინოზისა და ციების წინააღმდეგ.