თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსეთიდან საქართველოში ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა კარგი იდეაა, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე.
დღეისათვის რუსეთთან საქართველოს სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი პუნქტი ფუნქციონირებს – „ყაზბეგი“–„ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ეს გზა ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით მიდის, თუმცა ზამთარში უამინდობის გამო პერიოდულად იკეტება.
„დიახ, ნამდვილად არსებობს პრობლემები (სატრანსპორტო — რედ.) საქართველოსთან. განსაკუთრებით ზამთარში, როცა ყველაფერი თოვლით არის დაფარული... [ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა] კარგი იდეაა, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში ჯერჯერობით არ შედის. თუმცა, ის ცნობილია და პრაქტიკულად განხორციელებადი. განხორციელების მიზანშეწონილობა არსებობს“, — თქვა პუტინმა.
მანამდე ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალი გზის გახსნის თემა არაერთხელ წამოწია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა.
1990-იანი წლების ბოლოს იჩქერიის ხელისუფლებამ დაიწყო მოხრეშილი გზის მშენებლობა სოფელ იტუმ-კალედან შატილის მიმართულებით. გზა საქართველოს საზღვრამდე მივიდა, მაგრამ ჩეჩნეთში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ის ძლიერ დაზიანდა. საუბარია 30 კილომეტრის სიგრძის გზაზე.