თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია გაუკეთეს. ამჟამად ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ქუჩაში მამაკაცი გააჩერა. როდესაც პოლიციელი ოთარ თავართქილაძე ავტომობილიდან გადავიდა, მამაკაცმა ის დანით დაჭრა. თავდამსხმელი თავართქილაძის მეწყვილემ დააკავა.
„აღენიშნება ორი ჭრილობა. ერთი კისრის და მეორე წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა. კისრის არეში ჭრილობა იყო ღრმა. პაციენტი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმე, თუმცა სტაბილურია", – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.
დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კონსტანტინე ანანიაშვილმა მოინახულეს.
ანანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, გამოძიება დაადგენს ყველა ვერსიას.
სისხლის სამართლის საქმე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.