თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ამჟამად წამყვანია В ტიპის ვირუსი, თუმცა მასთან ერთად ქვეყანაში ცირკულირებს H1N1 და H3N2 ტიპის ვირუსები, განაცხადა პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.
В ტიპის ვირუსი სურდოს სახით მიმდინარეობს და სხვა გრიპებთან შედარებით – იოლ ფორმებში, აღნიშნა იმნაძემ.
საქართველოში ხვალ გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის პარტიას ელოდებიან>>
„მეორე კვირაა მატება დაწყებულია. ჯერჯერობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან და შარშანწინ იყო ავადობა, ჰოსპიტალიზაციაც ნაკლებია, გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი", – განაცხადა იმნაძემ.
ბოლო კვირის მონაცემებმა აჩვენა, რომ საერთო სურათიდან დაავადებების შემთხვევების ნახევარი მოდის გრიპის ვირუსებზე. აქედან 30% – В ტიპის ვირუსზე, 10-10% კი – H1N1 და H3N2-ზე. რაც შეეხება დანარჩენ 50%-ს, ესაა გრიპის მსგავსი ვირუსები. აქედან უმრავლესობა რინოვირუსებია.
რინოვირუსების გარდა საქართველოში გავრცელებულია ადენოვირუსები, ენტეროვირუსები, რესპირატორულ-სინტიციალური ვირუსები.
იმნაძის განცხადებით, თითოეულ ადამიანს ზემოთ ჩამოთვლილი ვირუსები ინდივიდუალურად გადააქვს და როგორ განვითარდება დაავადება, უცნობია.
„მატების პერიოდი დეკემბრის ბოლომდეა, თუმცა, რადგან გრიპის ვირუსებში წამყვანი В ტიპის ვირუსია, ამ ეტაპზე გართულებებს არ ველოდებით", – აღნიშნა მან.
გრიპის სეზონის წინ სახელმწიფომ რისკის ჯგუფში შემავალი 90 ათასი მოქალაქისა და მედპერსონალის უფასო ვაქცინაცია უზრუნველყო. კიდევ დაახლოებით 40 ათასმა ადამიანმა აცრა კერძო სექტორში ჩაიტარა.
იმნაძის განცხადებით, საქართველოს ისტორიის განმავლობაში ქვეყანას არასდროს შემოუტანია რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის 100 ათასი ვაქცინა. წელს სახელმწიფომ, გასულ წელთან შედარებით, 2,5-ჯერ მეტი ვაქცინა შემოიტანა.
რისკის ჯგუფში შედიან საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, მოხუცთა სახლების ბენეფიციარები, დიაბეტით დაავადებულები, ორსულები, დიალიზზე მყოფი პირები, ასევე С ჰეპატიტით დაავადებულები და აივ-ინფიცირებულები.
იმნაძის განცხადებით, გრიპის ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, შვედეთსა და ავსტრიაში. რამე ახალი ტიპის ვირუსის გავრცელება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
იმნაძე ყველას ურჩევს გრიპზე აცრას, ხელების ხშირად დაბანას, მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, ასევე დახურულ შენობებში ყოფნისგან თავის არიდებას, შენობის ხშირად განიავებას. ავად გახდომის შემთხვევაში სახლში დარჩენას.
„რეკომენდაცია ის არის, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში, რომელიც მსუბუქ მდგომარეობაშია და დადის, მაინც არის გამავრცელებელი", – განაცხადა იმნაძემ.
გასულ წელს საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსი მძვინვარებდა, რომელსაც „ღორის გრიპს" უწოდებენ. ამ გრიპის ნიადაგზე გართულებების შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.