ქართველმა სამხედროებმა მოკავშირეებთან ერთად ავღანეთში ტერორისტები გაანადგურეს – ვიდეო

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების თავდასხმისას ორი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 73 დაიჭრა. დაშავებულთა შორის ხუთი ქართველი სამხედროა.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა სამხედროებმა კოალიციური ძალების შემადგენლობაში ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის რაიონში ტერორისტების გაწმენდის სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს. შედეგად ლიკვიდირებულია ცხრა ტერორისტი, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„ბოდიში უნდა მოვუხადოთ ქართულ ჯარს" – პრემიერი პრეზიდენტის განცხადების შემდეგ>>

ტერორისტები ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ, 11 დეკემბერს დაესხნენ თავს. შეტევის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა 73 სამხედრო. დაშავებულთა შორის ხუთი ქართველი სამხედროა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.

ავღანეთში ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა

„ჩვენი პირველადი რეაგირების ქვედანაყოფებმა, რომლებიც დაუყოვნებლივ იქნენ ამოყვანილი – როგორც შიდა რეაგირების, ისე გარე რეაგირების ქვედანაყოფი – ლოკალურ წერტილზე მოახდინეს მოწინააღმდეგის ბლოკირება. მოწინააღმდეგემ ვერ განახორციელა თავისი მიზნის ბოლომდე შესრულება", – განაცხადა მე-12 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ.

მისი თქმით, ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ცხრა და დაკავებულია ერთი ტერორისტი.

ქართველი სამხედროები წმენდის ოპერაციის დროს არ დაშავებულან და ისინი განაგრძობენ საკუთარი ამოცანების შესრულებას. ბაზაზე სიტუაციას სრულად აკონტროლებენ კოალიციური ძალები, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) არასაბრძოლო მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული, რომელთა ფუნქციებია ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების წვრთნა და სწავლება.

„მე ვიქნები თქვენი ფარი" – თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა>>

საქართველოდან მისიაში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში.