ქართულ ინტერნეტ-პროვაიდერებს ავტორიზაციის ჩამორთმევა ემუქრება

ორი ტელესაკომუნიკაციო კომპანიას შეიძლება ჩამოართვან ავტორიზაცია, თუ ისინი ეროვნული კომისიის მოთხოვნას არ შეასრულებენ
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ქართული ინტერნეტ-პროვაიდერები შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების გასხვისების გამო 30-30 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი 5%-ზე მეტი ოდენობის წილს გაყიდის, ის ვალდებულია მიმართოს კომისიას და მისგან თანხმობა მიიღოს. კომპანიებმა აქციები გაყიდეს და ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს რეგულატორს, რითიც მოქმედი კანონმდებლობა დაარღვიეს.

სტატისტიკა: რისთვის იყენებს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტს >>

ოქტომბერში კომისიამ კომპანიები გააფრთხილა და დარღვევის აღმოსაფხვრელად ბოლო ვადა განუსაზღვრა. კერძოდ, კომპანიებს წილების გაყიდვამდე არსებული სტატუს-კვოს 3 დეკემბრამდე აღდგენა და კომისიაში თანდართული დოკუმენტების წარდგენა დაევალათ. მაგრამ კომისიებმა ეს ვალდებულება არ შეასრულეს.

ლიდერი სამხრეთ კავკასიაში: საქართველო ყველაზე იშვიათად ხდება კიბერთავდასხმების სამიზნე

კანონის დარღვევისთვის კომპანიები დაჯარიმდნენ და კომისიის დღევანდელ სხდომაზე უფლებამოსილ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება 17 იანვრამდე დაევალათ.

რეგულატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ კომპანიების ავტორიზაციის შეჩერება შეიძლება გამოიწვიოს.

Caucasus Online-მა მფლობელი 2016 წლის ოქტომბერშიც შეიცვალა, მაგრამ მაშინ ეს ცვლილება კომისიასთან შეთანხმებით მოხდა. კომპანია დაავალდებულეს, რომ აცნობოს რეგულატორს ნებისმიერი სხვა ცვლილების შესახებ და ნებართვის შემთხვევაში განაგრძოს მოქმედება. ეს შეთანხმება 2019 წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების დროს დაირღვა.

ჰოლივუდი საქართველოს კინომეკობრეობის გამო სანქციებით ემუქრება >>

„კავკასუს ონლაინი" საქართველოს ინტერნეტ-სივრცეში მოქმედი მთავარი მოთამაშეების — Sanet და Georgia Online (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია) გაერთიანების გზით 2006 წელს დაფუძნდა.

2008 წლიდან „კავკასუს ონლაინი" 1200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. სწორედ ამ კაბელის წყალობით ხდება ინტერნეტის ტრანზიტული გადაცემა ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზეა გაყვანილი, შესაძლებელი გახდა მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება ევროპიდან აზიაში.