სიახლე თსუ-ში – როგორ მივიღოთ ამერიკულთან გათანაბრებული დიპლომი საქართველოში

სტუდენტები, რომლებიც თსუ-ში 2020 წელს ჩააბარებენ ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების, ასევე ქიმია-ბიოქიმიის პროგრამებზე, ამერიკულთან გათანაბრებული დიპლომის მიღებას შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლიდან საერთაშორისო დონეზე აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ნერგავს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ამერიკულთან გათანაბრებული დიპლომი მიიღონ, იუწყება პირველი არხი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლების მსოფლიო რეიტინგში მოხვდა>>

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) სან-დიეგოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით სამ პროგრამაზე – ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებებში ABET-ის აკრედიტაცია, ხოლო ქიმია-ბიოქიმიაში სერტიფიცირება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები, რომლებიც ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წელს ჩაირიცხებიან, ამერიკულთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ.

საქართველოში სან-დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკულ ბაკალავრიატს პირველი გამოშვება ჰყავს

სან-დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში თსუ-ში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში 2014 წლიდან მუშაობს. სან-დიეგოს უნივერსიტეტის მთავარი მიზანია საქართველოში ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო დარგებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

პროექტი „ათასწლეულის გამოწვევების" ფარგლებში ხორციელდება. აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებმა უმაღლესი განათლების სფეროში 34 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე პროექტზე საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმეს. ამ პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოში დაინერგოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაკალავრო პროგრამები ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

ბიძინა ივანიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყნის საკუთრება იქნება>>

პროექტის ფარგლებში სან-დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში 2014 წლიდან ახორციელებს აშშ-ში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს და თავის დიპლომებს გასცემს. პარალელურად უნივერსიტეტი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს ეხმარება – მიიღონ საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა თავად შეძლონ ასეთი პროგრამების განხორციელება.