თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 1 დეკემბრიდან 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს, იუწყება პირველი არხი.
ზემო იმერეთსა და რაჭას ახალი გზა დააკავშირებს >>
შემდეგი სოფლების აბონენტები - სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო - მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა, თვეში 700 კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს. ეს საკმარისია 4-6 კაციანი ოჯახის გაზმომარაგებისთვის.
2020 წლის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტში, ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ გამოყენებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებისთვის, 8 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათებით რამდენიმე წლის განმავლობაში სარგებლობს.
ხუთი წლის წინ საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად მთის განვითარება დაასახელა და მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". შეიქმნა მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტმა 2016-2019 წლებში 86 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველოს 1,73 ათასი მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის 300 000-ზე მეტი მცხოვრები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, მათ შორის, გაზრდილი პენსიებით, სოციალური პაკეტებით, შეღავათიანი ტარიფებით და სხვა პროგრამებით.
მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურებს ამონტაჟებენ >>
მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრს სიმაღლეზე და ზევით მდებარე დასახლებამაც მიიღოს.