ქართველი ლუკა ნოზას წარმატებული მუსიკალური კარიერა გერმანიაში და მისი მსოფლიო დონის ბენდი

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ლუკა ნოზაძეს, რომელსაც უცხოეთში Luka Nozza-ს ფსევდონიმით იცნობენ.
Sputnik

„დღეს ჩემნაირებს Bedroom Artists - ანუ საძინებლის არტისტებს ეძახიან, რადგან სიმღერების წერა, ჩაწერა, დამუშავება და მასტერინგი საძინებელ ოთახში მიხდება.“- ასე წარადგინა საკუთარი თავი გერმანიაში მცხოვრებმა ნიჭიერმა ქართველმა მომღერალმა, 300-ზე მეტი სიმღერის ავტორმა და პროდიუსერმა ლუკა ნოზაძემ.

მუსიკოსი ელექტრო და აკუსტიკურ გიტარაზე, პიანინოსა და ბას გიტარაზე უკრავს. გერმანიაში მან ფრაიბურგის მუსიკალური კონსერვატორიის ჯაზ-ვოკალისა და პროდიუსინგის ფაკულტეტი დაამთავრა. წარმატებით გამოვიდა გერმანულ „ვოისში“, სადაც გამოცდილება შეიძინა და ამ სფეროში საჭირო კონტაქტები დაამყარა.

 დღეს მუსიკოსი ევროპის მასშტაბით გამართულ შოუ-პროგრამებზე, კერძო და სახალხო კონცერტებზე გამოდის. ამა წლის აგვისტოს თვეში გამოვიდა მისი, რიგით მეორე ალბომი, სახელწოდებით „The Rebornation”, რომელზეც სრულიად დამოუკიდებლად იმუშავა.

ქართველი ლუკა ნოზას წარმატებული მუსიკალური კარიერა გერმანიაში და მისი მსოფლიო დონის ბენდი

- ლუკა, როგორც ჩანს, ევროპაში უკვე გიცნობენ, საქართველოში თუ გყავთ მსმენელი?

 - რაოდენ დასანანიც უნდა იყოს, ქართველი მსმენელი არ მყავს, ამის მიზეზი ალბათ ის სოციალური ფონია, რომელიც საქართველოშია. სამწუხაროდ, მუსიკისთვის ჩვენთან არ სცალიათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში მუსიკალური ბიზნესი არ არსებობს. ქართველები, რომლებიც საზღვრებს გარეთ ვცხოვრობთ, დღითი-დღე ვზრდით ჩვენს საინსპირაციო არეალს და მსოფლიოს მუსიკალური კუთხით ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას.

ქართველი ლუკა ნოზას წარმატებული მუსიკალური კარიერა გერმანიაში და მისი მსოფლიო დონის ბენდი

- თქვენი ამბის მოყოლა გერმანიით დაიწყეთ და მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა ასევე გაეგო, რა იყო გერმანიამდე?

- გერმანიამდე თბილისში ვცხოვრობდი, გლდანში გავიზარდე. ექვსი წლის ვიყავი როცა ბებომ მუსიკალურ სასწავლებელში მიმიყვანა. 12 წლის ასაკში გიტარას საკუთარი სურვილით მოვკიდე ხელი. ყველაფერი 2012 წელს დაიწყო როცა "ჯორჯიან დრიმ სტუდიო ლეიბლიში" ამერიკელმა არტისტებმა დაიწყეს ვოკალისა და ქორეოგრაფიის გაკვეთილების ჩატარება. ბედი და შესაძლებლობა მოვსინჯე ქართულ „ვოისში“, სადაც ჩემი გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა. შემდეგ დავით ფორჩხიძის ბენდში გიტარისტი გავხდი და შალვა რამიშვილის სატელევიზიო შოუში, ბენდთან ერთად ყოველ კვირა გამოვდიოდი. პარალელურად დათო მუსიკალური პროდიუსინგის სფეროში საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას მიზიარებდა. მუსიკისადმი ჩემს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ხედავდა ყველგან მასთან ერთად დავყავდი, ამისთვის მისი დიდი მადლობელი ვარ.

ქართველი ლუკა ნოზას წარმატებული მუსიკალური კარიერა გერმანიაში და მისი მსოფლიო დონის ბენდი

- ფრაიბურგის კონსერვატორიაში როგორ მოხვდით?

- ფრაიბურგის აკადემიაში ონლაინ მოვეწყე, ყველანაირი საბაზისო კურსის გარეშე დავიწყე და 100-დან 94 ქულით დავხურე საბაკალავრო ნაშრომი, რომელსაც ორი წელი დავუთმე და რომელიც ასევე ჩემი რიგით მეორე ალბომია ბოლო სამი წლის მანძილზე. აქვე, არ შემიძლია  მადლობა არ გადავუხადო დედას, რომელმაც ჩემი სწავლა-განათლებისთვის საჭირო თანხა გაიღო. დღეს დღეისობით ჯაზის გარდა ჩემი მიმართულებაა- R&B და Alternative Pop-ი. სიმღერებს თითქმის ყოველ დღე ვწერ.

ქართველი ლუკა ნოზას წარმატებული მუსიკალური კარიერა გერმანიაში და მისი მსოფლიო დონის ბენდი

- ქართულ ენაზე თუ გიცდიათ სიმღერა დაგეწერათ?

- მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჩემი მშობლიური ენაა, იგი ოდნავ პრეტენზიულია და ბევრი მცდელობა არ გჭირდება იმისთვის, რომ ცუდი სიმღერა „შემოგეწეროს“, შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო. არსებობს ფორმულები, რომლითაც დღევანდელი პოპ-მუსიკა იწერება, მე რათქმაუნდა ვეცნობოდი და ახლაც ვეცნობი ყველა ფორმულას და ვცდილობ, რომ ისინი ქართულ ენას მოვარგო. თუმცა მუსიკის მხოლოდ ფორმულებში მოქცევა კრეატივს ანადგურებს, შესაბამისად, ოქროს შუალედიც ნაპოვნი მაქვს.

- გაიხსენეთ „გერმანულ ვოისში“ თქვენი მონაწილეობის ამბავი, ვიცი, რომ საკმაო რეზონანსი მოჰყვა ჰქონდა თქვენს გამოსვლას... 

- გერმანული „ვოისის“ შესარჩევ ქასთინგზე ბერლინში სპონტანურად, ღამის ავტობუსით წავედი. ეს ქასთინგის ბოლო დღე იყო. იმ დღეს 500 კაცში გავძვერი და ჩემი სახელი უკვე პირველივე დღესვე ყველამ იცოდა. სხვებს თუ უპასუხოდ უშვებდნენ, მე კონტრაქტი მომცეს და ისე გამომიშვეს. უკვე ნათელი იყო, რომ იმ წელს, „ვოისის“ მონაწილე გავხდებოდი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი ივონ კატარფელდის გუნდის წევრი რომ გავხდებოდი. თამამად ვიტყვი, რომ მონაწილეების 95 %-ზე მეტი გამოცდილება მქონდა- საკუთარი ალბომით და ჩემი დიდი შესაძლებლობით. შესაბამისად სხვებისგან განსხვავებით ოდნავ დაძაბულ გარემოში მიწევდა მუშაობა.

- როგორც გავიგე, მოწინააღმდეგეს გარკვეული კონსულტაცია თავად გაუწიეთ, საბოლოოდ რა მოხდა?

- ჩვენ 2018 წლის საუკეთესო რინგი „დავდეთ“ და სრულიად გაუგებარი დასასრულის მიუხედავად იქ გამოსვლა მაინც მეამაყება. რაც შეეხება მეტოქეს, მას მართლა მე ვამეცადინებდი კარგი ნომერი რომ გამოსულიყო.

-ქართულ მუსიკას პოპულარიზაციას უწევთ უცხოეთში...

- როდესაც შანსი მიჩნდება ხოლმე ჩემს სანაცნობო წრეს ვაცნობ გია ყანჩელს, რეზო ლაღიძეს და ჰამლეტ გონაშვილს. ვასმენინებ „წინწყაროს“, „ჩაკრულოს“, „დაიგვიანეს“, ქართულ მრავალხმიან ფოლკლორს და განსაკუთრებით ჩემს ბიძებს, თემურ და დავით მურაჩაშვილებს, რომლებიც ქართული ფოლკლორის უბადლო შემსრულებლები არიან.

- რომელია ყველაზე გამორჩეული შოუ-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ?

- ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონცერტი შვეიცარიაში, ბერნში გამართული „Ebay“-ს კორპორატიულ საღამო იყო. იმ საღამოზე ჩემს ბენდს „მსოფლიო დონის ბენდის“ სახელი ოფიციალურად მიანიჭეს. შოუს დასრულებისთანავე, სცენაზე „ლუკა-ლუკას“ ძახილით დაგვაბრუნეს. ხშირად მეკითხებიან: როგორ ვეგუები გერმანულ პუნქტუალობას, მასზე აქ ჩამოსვლამდე ბევრი რამ მსმენია. ზოგადად მათი ეს თვისება მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობია, უფრო სწორად, იყო. თუმცა ოფიციალურ შეხვედრაზე დაგვიანება გერმანიაშიც ისეთივე არასასურველია, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

- როგორია ლუკა ნოზას ქართული ფიქრები?

- ხანდახან, საღამოობით, ფრაიბურგის ქუჩებს შეყვარებულთან ერთად გავდივარ, აქა-იქ ქართულ ლაპარაკსაც მოვკრავ ხოლმე ყურს და ვცდილობ, წარმოვიდგინო, რომ მომავლის საქართველოში დავაბიჯებ... ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საკმაოდ ბევრს ვფიქრობთ წარსულზე, რომელიც მართალია, საამაყოა, მაგრამ მხოლოდ „იქით“ გახედვით წინ ვერ წავალთ. საქართველოს ვუსურვებ, რომ წარსულზე ფიქრი დაამარცხოს და მისი საკადრისი მომავალი რეალურად დადგეს...