ლარიზაციის გეგმა და შედეგი - მთავრობა რეგულაციის შერბილებას აპირებს

მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა „ლარიზაციის გეგმის“ ფარგლებში 2 წლის წინ რიგი აკრძალვები შემოიღეს, რათა ლარის გაუფასურება შეეჩერებინათ და ხალხი გაღარიბებისგან დაეცვათ.
Sputnik

„ჭარბვალიანობის“ შესამცირებლად სესხების გაცემა გაართულეს, ლარის მნიშვნელობის გასაზრდელად კი „ლარიზაციის გეგმა“ აამოქმედეს. მაგრამ ამ რეგულაციებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. ლარის გაუფასურებას ვერაფერი ეშველა, ვადაგადაცილებული სესხებიც 2 წლის წინანდელთან შედარებით გაზრდილია. ამ ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობამ შესაძლოა შეარბილოს სესხების შეზღუდვის ერთი ნორმა – 200 000 ლარამდე თანხის უცხოურ ვალუტაში გაცემის აკრძალვა.

ერთი შედეგი, რასაც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მიაღწიეს – სესხებში და დეპოზიტებში ლარის წილი მცირედ გაზრდილია. მთლიან სესხებთან მიმართებაში ვადაგადაცილებული სესხის წილიც ოდნავ არის შემცირებული. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მთავარი მიზანი მიღწეული არ არის და ლარი კვლავ გაუფასურებულია.

ეროვნული ბანკის პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს

გეგმა

ლარიზაცია, ანუ იგივე დე-დოლარიზაცია აჩვენებს ქვეყანაში ლარის გამოყენების წილს ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაში. მთავრობის მიერ შემუშავებული ლარიზაციის გეგმა ძალაში 2017 წლის იანვარში შევიდა. პროგრამის მიზანი იყო – ლარი უფრო საჭირო, უფრო მოთხოვნადი და უფრო მნიშვნელოვანი გამხდარიყო ქვეყანაში, ვიდრე უცხოური ვალუტა. ხელისუფლება ეროვნულ ბანკთან ერთად აცხადებდა, რომ ამ გზით დოლარზე მოთხოვნა უნდა შემცირებულიყო და შედეგად ლარის გაუფასურებაც შეჩერდებოდა. ხალხისთვის ლარის შესაყვარებლად მთავრობამ ბიუჯეტის ფულიც არ დაინანა და მათთვის, ვისაც იპოთეკური სესხი დოლარში ჰქონდა, ლარებში გადატანის შემთხვევაში ბიუჯეტიდან სუბსიდიას – ყოველ 1 დოლარზე 20 თეთრს აძლევდა. მაგალითად, თუ ადამიანს 10 000 დოლარი სესხი ჰქონდა და „გალარების“ მომენტში კურსი იყო 2,50, სესხი ხდებოდა 23 000 ლარი. 20-პუნქტიან სხვაობას ბიუჯეტი ფარავდა. შესაბამისად, „გალარების“ შემთხვევაში ბანკი არაფერს კარგავდა, წესით, ხეირში იყო მსესხებელიც, ბიუჯეტი კი, როგორც აღვნიშნეთ, 1 დოლარის გალარებაში 20 თეთრს იხდიდა. გალარება შეეხო იმ ფიზიკურ პირებს, ვისაც ჯამურად 100 000 დოლარამდე ჰქონდა იპოთეკური სესხი.

საინტერესო იყო „გალარების“ შედეგი. 27 000 ფიზიკური პირიდან, ვისაც 100 000 დოლარამდე სესხი ჰქონდა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სესხები ლარში გადაიტანა მხოლოდ 5000-მა. სუბსიდიისთვის გამოყოფილი 65 მილიონ ლარიდან 50 მილიონი აუთვისებელი დარჩა. პროგრამის დასრულების შემდეგ ფინანსთა სამინისტროში არ იცოდნენ სად წაეღოთ დარჩენილი ფული.

ეროვნული ბანკი ლარის გამყარებისთვის ბრძოლას აგრძელებს

ქვეყანაში „ჭარბვალიანობის“ წინააღმდეგ ბრძოლის და ლარიზაციის კიდევ ერთი ნაწილი იყო დოლარში სესხის გაცემის აკრძალვა: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 200 000 ლარზე ნაკლები თანხის უცხოურ ვალურაში სესხის აღება აუკრძალეს. თუ გავიხსენებთ, 2016 წლის ნოემბერში, როდესაც აღნიშნული გეგმის შესახებ აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი, 1 დოლარი 2.49 ლარი ღირდა, დღეს კი, ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1 დოლარის კურსი 2,99-ია. ასე რომ, ლარი კიდევ 50 თეთრით არის გაუფასურებული.

დეპოზიტები

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის ნოემბერში დეპოზიტების მთლიანი მოცულობა $15 626 115-ის ეკვივალენტი იყო, სადაც უცხოური ვალუტის წილი 70%-ის ფარგლებში იყო: დოლარში 60%, ევროში 9.8%, ლარში კი 29%. უკვე მიმდინარე სტატისტიკით, 2019 წლის ოქტომბერში დეპოზიტების მოცულობა $26 316 152-ის ეკვივალენტია, სადაც უცხოური ვალუტის წილი 64%-ს აღწევს: დოლარში 54%-ია, ევროში 8,65%-მდე შემცირდა. ლარის მაჩვენებელი 36%-მდეა გაზრდილი, ანუ „ლარიზაციამ“ დეპოზიტებში 7%-ით მოიმატა.

პრემიერი: საქართველოს გარე რისკებისგან იმპორტჩანაცვლება დაიცავს

სესხები

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის ნოემბერში სესხების მოცულობა ჯამურად $11 105 702-ის ეკვივალენტი იყო, სადაც უცხოური ვალუტის წილად 64,68% მოდიოდა, ლარში კი სესხების 35,32% იყო გაცემული. უცხოური ვალუტაში დოლარის წილად 62,3% იყო, ევროსი კი 2,4%-მდე.

მიმდინარე სტატისტიკით, სესხების ჯამური მოცულობა 2019 წლის ნოემბერში $30 751 868-ის ეკვივალენტია, საიდანაც უცხოური ვალუტის წილად 55,49% მოდის, ხოლო ლარებში 44,51%. დოლარის მაჩვენებელი 37,35%-მდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ევროს წილი 18,12%-მდე. საბოლოო ჯამში „ლარიზაციამ“ სესხებში 9.2%-ით მოიმატა.

საინტერესოა ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკა. ასეთი სესხების მაჩვენებელი ზოგ თვეში იზრდება, ზოგში – მცირდება. მაგალითად, გასული წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 2.5 მლნ ლარით გაიზარდა და მთლიან საკრედიტო პორტფელში 1.6% შეადგინა. ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების წილი შემცირდა და 1.5%-ია.

თუ 2 წლის წინანდელ მაჩვენებლებს შევადარებთ, 2017 წლის ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხები 467.8 მლნ ლარის ტოლი იყო, რაც კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.1%-ის შესაბამისი იყო. 2019 წლის ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 471.6 მლნ ლარის ტოლია, ვადაგადაცილებული სესხების წილი 1.5%-მდეა შემცირებული.

საყურადღებოა, რომ 2 წლის წინანდელთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაზრდილია, თუმცა, რადგან მთლიანი საკრედიტო პორტფელია მნიშვნელოვნად გაზრდილი, ვადაგადაცილებული სესხების წილი შემცირებულია.

„საქართველო საუკეთესოა რეგიონში" – პრემიერი ქვეყნის განვითარებით კმაყოფილია

მთავრობა თავის პოლიტიკას ცვლის

როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები „გალარების“ პროგრამას აქებდნენ და ამბობდნენ, რომ ლარებში სესხის მქონე ადამიანი სავალუტო რყევებისგან და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთის გაზრდისგან იყო დაცული, „გალარებული“ სესხის პატრონები მოტყუებული აღმოჩნდნენ. როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა (მიზნობრივი 3%-ის ნაცვლად, ოქტომბერში 6,9%-ია) და ლარის მორიგი გაუფასურება საგანგაშო გახდა, ეროვნულმა ბანკმა სექტემბერიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 8,5%-მდე, 2%-ით გაზარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად 102 700 მომხმარებელს სესხი რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შესაბამისად გაუძვირდა. საყურადღებოა, რომ ლარებში სესხების გაძვირება სესხის დოლარში გაცემის სტიმულირებას ახდენს, რადგან უცხოურ ვალუტაში არსებული სესხი რეფინანსირების განაკვეთზე არ არის მიბმული. ასე რომ, მთავრობის არათანმიმდევრული თუ დაბნეული პოლიტიკა ამ შემთხვევაშიც კარგად ჩანს.

შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ლარის გაუფასურება ვერ ჩერდება, მთავრობა  საკუთარ რეგულაციებზე უარის თქმას აპირებს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს დაავალა, განიხილოს, რამდენად შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების 200 000-ლარიანი ზღვარის შემცირება. მანამდე რეკომენდაცია მიიღო ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების 200 000-ლარიანი ზღვარის შემცირების საკითხზე მუშაობის დაწყება დროულია.

საქართველოს პრემიერი ლარში კრედიტების ღირებულების დაწევას პროგნოზირებს

ფინანსისტები არასაკმარისს და დაგვიანებულს უწოდებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს. ვახტანგ ხომეზურიშვილი აღნიშნავს, რომ სებ-ის გადადგმული ნაბიჯები ვითარების შემოსაბრუნებლად არასაკმარისია; მისი აზრით, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებისთვის საჭიროა ხელისუფლებამ ბიზნესს მოუხსნას დამატებითი საგადასახადო ტვირთი.

200 000-ლარიანი ზღვარის შემცირების აუცილებლობაზე საუბრებენ ანალიტიკოსებიც

„მრავალი თვის განმავლობაში ვამტკიცებ იმას, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს 200 000 ლარამდე სესხების აკრძალვა, ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. სწორედ ასეთმა შეზღუდვამ გამოიწვია ის, რომ ლარში კრედიტების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. ამან, ცხადია, მონეტარული პოლიტიკა უფრო ძლიერი გახადა, ვიდრე ის იყო აქამდე, მაგრამ თავისი კვალი, რა თქმა უნდა, დატოვა. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ სესხების მოცულობა ლარში გაიზარდა, უცხოური ვალუტის შემოდინება ამ კუთხით შემცირდა, ამან სავალუტო ბაზარზე საგრძნობი რყევები გამოიწვია – ლარმა დაიწყო გაუფასურება, რაც შემდგომ აისახა ინფლაციაში. სწორედ ამის შიში მქონდა და ამაზე ვსაუბრობდი ყველასთან, მაგრამ ოფიციალური პირები ამას არ იმჩნევდნენ და კარგია, თუ გახდა შესამჩნევი და ერთგვარად აღიარებენ, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა ეკონომიკის დარგში ექსპერტმა აკაკი ცომაიამ.

 

თემურ იოსელიანი