დატოვებს თუ არა ნიკა გვარამია საქართველოს

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის დატოვება ეკრძალება
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დღეს ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ჩემი კონტრაქტორი კომპანიებისგან არაფერი მიყიდია“ – გვარამია პროკურატურის ახალ ბრალდებაზე >>

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი გვარამია წერდა, რომ დღეს გადაცემა „პოსტფაქტუმის“ შემდეგ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ თავისი და თავისი ოჯახის სახელით გააკეთებდა განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის დატოვება ეკრძალება. ის 40 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ და შევჯერდით, ზუსტად ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ გამომეცხადებინა ჩვენ წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ამ ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც თავისუფლება მოვიპოვეთ, მე, მამამ, ეკამ , ზვიადმა და სხვებმა, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ვაშენეთ ახალი, ევროპული, წარმატებული, ქვეყანა, მეც მათ შორის, მაგრამ ჯერ მიშამ და სხვებმა, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ბიძინა დავამარცხეთ ჩვენი გამბედაობით, შიშველი ხელებით, თანმიმდევრულობით და სიმართლით, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც გვაქვს მორალური უპირატესობა სრული სიმართლის სახით და მორალური ვალდებულება ილია ჭავჭავაძის ქვეყნის დაცვის. ჩვენ ვერ და არ გავაკეთებთ ამას, ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას“, - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას 40 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკა გვარამიას თავდაპირველად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად. გამოძიების მონაცემებით, გვარამიამ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მილიონი ლარი კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“, რომელთანაც რეკლამის განთავსების უფლების გადაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

დაკავებულია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი – ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს >>

6 სექტემბერს კი პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა. გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.