თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ტვირთების ტრანზიტის კუთხით სომხეთის უპირატესობად შეიძლება იქცეს ჩრდილოეთი-სამხრეთის ტრასა და საბაჟო პროცედურების სიმარტივე. ამის შესახებ „Sputnik-სომხეთთან“ ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო ტვირთგადამზიდავების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გია წიფურიამ.
თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ ტრანზიტის შესაძლებლობები შეზღუდულია: უამრავი სატვირთო მანქანა ირანიდან ევროპაში (და უკანა მიმართულებით) თურქეთის გავლით მოძრაობს. თუ სომხეთში ჯერ კიდევ არ არის დაგებული ბეტონის გზა, თურქეთში დიდი ხანია არსებობს თანამედროვე მაგისტრალები. მაგრამ სომხეთს სხვა უპირატესობა აქვს: რეგიონის სატრანსპორტო სფეროს მუშაკთა შორის სომხური საბაჟო ცნობილია თავისი მუშაობის სიზუსტით.
„სატვირთო დადის იქ, სადაც უფრო მარტივია. ხშირად მძღოლებს ურჩევნიათ გაიარონ უფრო გრძელი მარშრუტი, მაგრამ უფრო მარტივი სასაზღვრო გადასასვლელით. ამის წყალობით, ახლა სომხეთის გავლით ირანის მიმართულებით გარკვეული ტრანზიტი მოძრაობს. თქვენ გაქვთ რთული გეოგრაფიული პირობები, მაგრამ მებაჟეები იქცევიან გაცილებით უკეთესად, ვიდრე რიგ ქვეყნებში", - აღნიშნა წიფურიამ.
სხვამხრივ თურქეთის გავლით სატვირთო მანქანების გაგზავნა გაცილებით მოსახერხებელია და უმეტესობა ირჩევს სწორედ ამ მარშრუტს. თუმცა, აქ ორი საკითხი რჩება. პირველ რიგში, ორ ქვეყანას შორის სატვირთო ავტომობილები კვოტების ფარგლებში მოძრაობს, თუმცა მათი ნაკლებობა ჯერჯერობით არ იგრძნობა. მაგრამ არსებობს უფრო სერიოზული საკითხი, რომელიც უკავშირდება მანქანების უსაფრთხოებას, აღმოსავლეთ თურქეთში არც თუ ისე მშვიდი ვითარების გათვალისწინებით.
ახლა მგზავრობა შედარებით უსაფრთხოა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ თურქეთში ხშირად ესხმოდნენ სატვირთო მანქანებს და ზოგჯერ ცეცხლსაც კი უკიდებდნენ (თუმც მაშინ თურქული სადაზღვევო კომპანიები ზიანის ანაზღაურებას ახდენდნენ). სომხეთში კი „შარაგზის ყაჩაღები” არასოდეს ყოფილან.
პროცედურების გამარტივების მიზნით, სომხეთის საბაჟოზე კიდევ ერთი ნაბიჯი რჩება: ქართველ კოლეგებთან მოწესრიგდეს ინფორმაციის მიმოცვლა საზღვარზე საქონლის გადაკვეთის შესახებ, მაშინ ერთი და იგივე ტვირთის შემოწმება ორჯერ მხოლოდ ყველაზე რთულ და საეჭვო შემთხვევებში მოხდება. ამ საკითხის გაჭიანურება არ შეიძლება, რადგან ასეთი სისტემა თურქეთთან უკვე მოგვარებულია საქართველოში.
„თურქეთთან ერთად, ჩვენმა მებაჟეებმა უკვე ჩამოაყალიბეს ასეთი სისტემა და უკვე მიაღწიეს თითქმის ერთობლივ კონტროლს“, - აღნიშნა წიფურიამ.
ასე თუ ისე, ჩრდილოეთი-სამხრეთის ტრასა სომხეთის გავლით გადაადგილებას დააჩქარებს და, შესაძლოა, გარკვეულწილად, ახალი ტრანზიტის მოზიდვას შეუწყობს ხელს. მაგრამ წმინდა ობიექტური მიზეზების გამო, ეს შესაძლებლობები შეზღუდულია, აღნიშნა ექსპერტმა.
ქვეშეთი-კობის გზას ჩინური კომპანია ააშენებს >>
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალმა უნდა გაიაროს ირანის საზღვრიდან სომხეთთან საქართველოს საზღვრამდე, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. გზის სიგრძე 556-დან 490 კილომეტრამდე შემცირდება. ასევე შემცირდება მგზავრობის დრო, რადგან ახალ მაგისტრალზე დასაშვები სიჩქარე გაიზრდება. ჯერჯერობით, დაფინანსება გზის 160 კილომეტრისთვის არის მოძიებული. რესპუბლიკაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა მშენებლობის დროს ფინანსური თაღლითობის ფაქტებზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.