თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ოთხი ახალგაზრდა მუსიკოსი საქართველოდან 5 დეკემბერს გრანდიოზულ გალა-კონცერტზე გამოვა, რომელიც ყოველწლიურად პარიზის გულში, ელისეს მინდვრებზე, მარსელ დასოს სახლში იმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
კონცერტის ორგანიზატორია საერთაშორისო ფონდი SOS Talents, რომელიც ფრანგმა კომპოზიტორმა მიშელ სონიმ ცნობილი ფრანგი ავიაინჟინრის, პოლიტიკოსისა და მეცენატის მარსელ დასოს მხარდაჭერით დააარსა.
კონცერტში სულ რვა მუსიკოსი მონაწილეობს. აქედან ოთხი საქართველოდან არის: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი. ლიზა გალა-კონცერტის ყველაზე ნორჩი შემსრულებელია.
SOS Talents-ის ფონდის სახელით ტალანტებს საქართველოში ეძებს და მხარს უჭერს გამოჩენილი ქართველი პიანისტი, „იუნესკოს მშვიდობის არტისტი" ელისო ბოლქვაძე. ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც ფონდის წარმომადგენლები არჩევენ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გარდა, სწავლას მიშელ სონის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით გადიან. ეს მეთოდი ბავშვებს ტექნიკური და მუსიკალური უნარების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განვითარებაში ეხმარება.
კონცერტზე, ტრადიციულად, მიწვეული არიან მაღალი თანამდებობის დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები.
ფონდმა SOS Talents სხვადასხვა დროს აღმოაჩინა ისეთი ტალანტები, როგორებიც არიან დები ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, ნათია და თამარ ბერაიები, ილია ლომთათიძე და ბარბარე თათარაძე.
„იუნესკოს მშვიდობის არტისტი" Batumi Music Fest-ს დახურავს>>
უნდა აღინიშნოს, რომ მიშელ სონის მასტერ-კლასები ყოველწლიურად იმართება ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე Batumi Black Sea Music and Art, რომლის დამფუძნებელია ელისო ბოლქვაძე.