თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ხელისუფლებასა და მომიტინგეებს პრობლემის დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდა.
რა შემთხვევაში დათანხმდება ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს>>
საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც პარლამენტის დეპუტატებმა საარჩევნო რეფორმა ჩააგდეს. საქართველოს შსს-მ სპეცრაზმის ძალები და წყლის ჭავლი უკვე ორჯერ გამოიყენა, რადგან ოპოზიციამ და ახალგაზრდა აქტივისტებმა პარლამენტის შენობების პიკეტირება მოახდინეს.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას. თუკი ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში, სიამოვნებით გავაკეთებთ ამას", - განაცხადა მაასმა ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბერლინში.
მისი თქმით, გერმანია საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას მომავალშიც აპირებს.
„საქართველო არის ჩვენი სანდო, სატბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში. ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები", - აღნიშნა მაასმა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, იუწყება გამოცემა „ამერიკის ხმა" საქართველოში.
„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები", - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემას.
დეპარტამენტში ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ წუხს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ჩავარდნის გამო, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან ითვალისწინებდა.