„სუხიშვილების" ნაციონალურმა ბალეტმა გერმანიაში ფურორი მოახდინა

ცნობილი ანსამბლი „სუხიშვილები" განაგრძობს მსოფლიოს გაოცებას თავისი ნიჭიერებითა და უზადო დადგმა-შედევრებით.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები" გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში კონცერტზე ფურორი მოახდინა – საოცარი გამოსვლის ვიდეო ანსამბლის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

გრანდიოზული ევროპული ტურნეს ფარგლებში გერმანიაში გამოსვლა ცნობილი ქართული ანსამბლისთვის რიგით 28-ე იყო.

როგორც ნინო სუხიშვილი წერს, შემდეგი ქალაქი ბერლინი იქნება.

„ამ გასტროლზე დავიპყარით ბელორუსია, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ჩეხეთი, დაეცა პოლონეთის, ავსტრიის და გერმანიის ქალაქები, წინ ბერლინია, იმასაც ავიღებთ და გამარჯვებულები დავბრუნდებით", – წერს ნინო სუხიშვილი.

როგორც ანსამბლის დირექტორი აღნიშნავს, ევროპაში საგასტროლო ტურის დასრულების შემდეგ ანსამბლი ცოტა დაისვენებს და შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. 3 და 4 იანვარს დასი Dubai Opera-ს სცენაზე გამოვა. ეს „სუხიშვილების" პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში.

„სუხიშვილებმა“ ბოდრუმში ნამდვილი ფურორი მოახდინეს: ვიდეო კონცერტიდან>>

ანსამბლი 1945 წელს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა შექმნეს. პირველი გასტროლი ანსამბლს 1948 წელს ჰქონდა. მას შემდეგ „სუხიშვილები" უდიდესი წარმატებით გამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე.