თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მსვლელობით გაიარეს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციას შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე სავალი ნაწილი უკვე გადაიკეტა.
დააკავეს „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომელთაც აქციისთვის შეშა გადაჰქონდათ >>
აქციის სლოგანი, რომელიც დაახლოებით ოცი პარტიის ლიდერის ორგანიზებით იმართება, არის „ერთად ერთის წინააღმდეგ“. აქციას, რომლის მონაწილეების წინაშე ოპოზიციური ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები სიტყვით გამოდიან, უამრავი ჟურნალისტი აშუქებს.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ოპოზიციამ ორშაბათისთვის დააანონსა მასშტაბური საპროტესტო აქცია და უკვე ღამის საათებიდან პარლამენტის პიკეტირება, რათა სამშაბათს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებს მუშაობაში ხელი შეუშალოს. დანარჩენმა დეპუტატებმა საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო ბოიკოტი გამოაცხადეს.
ოპოზიციამ ერთი კვირის წინ უკვე სცადა პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაფრთხილების შემდეგ, რომ ეს უკანონოა, სპეცრაზმი გამოიყვანა, რომელმაც მომიტინგეები რუსთაველის გამზირისკენ განდევნა.
საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.
თავდაპირველად ოპოზიცია მოითხოვდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მოგვიანებით მოთხოვნა დაზუსტდა – საპარლამენტო არჩევნებამდე ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა, რაც მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას პროპორციული სისტემით ითვალისწინებს.
ხელისუფლების აზრით, „გერმანული მოდელის“ დანერგვა მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიღება მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების პროტესტის გამო შეუძლებელია. სწორედ მათ ჩააგდეს ხელისუფლების მიერ შეპირებული ცვლილებები, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.
ოპოზიციამ ხელისუფლება ტყუილში დაადანაშაულა, რადგან პროპორციული არჩევნების პირობებში მათ გამარჯვებისთვის ნაკლები შანსი აქვთ. ძირითადად არჩევნებს მაჟორიტარულ ოლქებში ხელისუფლება იგებს.