ემიგრანტი ქალის წერილები: „კიკვიძის ბაღიდან შემოჭრილი დამწვარი ფოთლების სუნიც მენატრებოდა”

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც... სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ და საქართველოში მყოფ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებსაც ეხმარებიან.
Sputnik

წარმოშობით ბორჯომელი ქალბატონი მაია ლომიძე ერთი მათგანია... ოჯახი 21 წლის ასაკში, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შექმნა. ემიგრაციაში წამოსვლამდე თბილისში ცხოვრობდა. 2012 წლიდან იტალიაშია. ამ წლების მანძილზე როგორც ემიგრაციაში, ასევე საქართველოში მყოფი ქართველებისთვის ბევრი რამ გააკეთა და კეთილ საქმეებში სხვებიც აიყოლია. მის მიერ დაფუძნებული ემიგრანტული ჯგუფის „იტალიის ცის ქვეშ - L'anima Georgiana“ საქმიანობა დიდი ხანია გასცდა ვირტუალურ ფარგლებს და რეალურ ქველმოქმედებას ეწევა. ერთ-ერთი ღონისძიებიდან შემოსული თანხა მათ ლეიკემიით დაავადებულ ემიგრანტ ქალბატონებს გადასცეს. დაეხმარნენ ხანდაზმულთა სახლს „სახლი საზღვრებს გარეშე", ხოლო სათნოების სახლ „კათარზისს“ საახალწლო ამანათი გაუგზავნეს.

ემიგრანტი ქალის წერილები: „კიკვიძის ბაღიდან შემოჭრილი დამწვარი ფოთლების სუნიც მენატრებოდა”

საახალწლო საჩუქრებით ქალბატონმა მაია ლომიძემ, მაია გიორგობიანთან ერთად, იაშვილის კლინიკაში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებიც გაახარა. ემიგრანტული ცხოვრების სირთულე რომ შეუმსუბუქოს, 2016 წლიდან დასვენების დღეებში, იტალიის ქვეყნის კულტურის და ხელოვნების უკეთ გაცნობის მიზნით იგი ემიგრანტებისთვის მინი-ტურებსაც აწყობს. მისი ინიციატივით 2018 წლის ივნისიდან იმართება ყოველთვიური საქველმოქმედო „ლიტერატურული ესტაფეტა“, რომელშიც მონაწილეობას ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოეტები იღებენ. ეს მისი საქმიანობის მცირე ჩამონათვალია... ამიტომ 2017 წელს „ემიგრანტთა ერთობამ“, სავსებით სამართლიანად, მაია ლომიძე წლის ყველაზე მეგობრულ ადმინისტრატორად დაასახელა.

ემიგრანტი ქალის წერილები: „კიკვიძის ბაღიდან შემოჭრილი დამწვარი ფოთლების სუნიც მენატრებოდა”

„2012 წელს ვინმეს რომ ჩემთვის ეთქვა, 26 ივლისს ბევრჯერ აითვლი იტალიის ცის ქვეშო, წყევლად ჩავუთვლიდი და მტრად შევრაცხავდი… დღეს ამ რთულად სავალი გზის მერვე წელს მივუყვები. თავდაპირველად იყო ძალიან დიდი ტკივილი და უსაშველო მონატრება. მენატრებოდა ყველა და ყველაფერი, მენატრებოდნენ ადამიანები... დავდიოდი და ყველგან ნაცნობ სახეს ვეძებდი. უცნობ ადამიანებს ვიღაცას ვადარებდი. ჩემი სადარბაზოს დამლაგებელი ქურთი, ფაშფაშა ქალიც კი მენატრებოდა – ყოველ მეორე დღეს სვენებ–სვენებით რომ ამოივლიდა ხუთ სართულს, გვერდს აუვლიდა პირველ და მესამე სართულზე წყლით გავსებულ ვედროს და დილის შვიდ საათზე ჩემთან რეკავდა ზარს. იცოდა, ყოველთვის ცხელ წყალს ვაწვდიდი, სიცივისგან გათოშილს ასე მაინც რომ შემსუბუქებოდა შრომა. ისე დაემთხვა, რომ პირველივე სამსახურში დილაადრიან აქაც მომადგა დამლაგებელი ვედრით ხელში. გაოგნებული ვუყურებდი, ყველა გრძნობა – სიხარული, მონატრება, გაოცება, სევდა ერთმანეთში ამერია...

ემიგრანტი ქალის წერილები: „კიკვიძის ბაღიდან შემოჭრილი დამწვარი ფოთლების სუნიც მენატრებოდა”

მენატრებოდა ჩვენი სამეზობლო თავისი ხმაურიანი ეზოებით და მორიგეობით გამართული „ჩაიპიწიე" საღამოებით. მე, ია და ლელა, ფუნქციადაბრუნებული მზითვის სერვიზით, ვაშლის პეროგით და ამ მთის და იმ მთის ამბებით. მენატრებოდა ნაცნობი, განსხვავებული და ტკბილი სუნი დედის, შვილების, სახლის... ჩემ სახლში კიკვიძის ბაღიდან შემოჭრილი დამწვარი ფოთლების სუნიც კი მენატრებოდა. არადა, როგორ ვბრაზობდი, ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე დიდ კოცონს რომ ააბრიალებდნენ მეეზოვეები და მთელი უბანი თეთრ ნისლში ეხვეოდა. მენატრებოდა და ჩამესმოდა ნაცნობი ხმები...

ემიგრანტი ქალის წერილები: „კიკვიძის ბაღიდან შემოჭრილი დამწვარი ფოთლების სუნიც მენატრებოდა”

დედა ყველასგან გამორჩეული ხმით მეძახდა: მაიკო! ჩემი შვილები: დეე! ჩემი ძმა: დაი! ჩემი გაზრდილი საბუკა - მაისკო! ვინ იცის, რამდენჯერ გავვარდნილვარ აივანზე ამ ნაცნობი სუნისა და ხმის ძებნაში. საშინლად მაღიზიანებდა თვითმფრინავის დანახვა, რადგან მთავარ „დამნაშავედ“ მას მივიჩნევდი. მისი ხმის გაგონებაც კი ისე მაღიზიანებდა, რომ ყურებზე ხელებს ვიფარებდი.

ემიგრანტი ქალის წერილები: „კიკვიძის ბაღიდან შემოჭრილი დამწვარი ფოთლების სუნიც მენატრებოდა”

ახლა უკვე სხვა გრძნობა მეუფლება თვითმფრინავის დანახვაზე. ვფიქრობ ხოლმე – ნეტავ, ამჯერად რამდენი ქართველი ჩამოჰყვება მას? კიდევ რამდენი ოჯახი დარჩება დედაბოძის გარეშე? რამდენი ბავშვი – დედის გარეშე? და სევდა მემატება... რვა წლის შემდეგ ისევ არ მიყვარს ხუთშაბათი, ჩვენი დასვენების დღე, რადგან მხოლოდ მას აქვს პასუხი ამ კითხვებზე… სულ რაღაცის ფიქრსა და მოლოდინში, რვა წლის მანძილზე, ვერა და ვერ შევიყვარე ჩემი ტელეფონის ზარი...

მომავალ წელს საქართველოში ვბრუნდები. დღეების ათვლა უკვე დაწყებული მაქვს – სავარაუდოდ, 260 დღე დამრჩა. ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებულმა როგორ უნდა ამოვავსო ამ წლების სიცარიელე. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ სულ ფეხდაფეხ მოვივლი იმ ნაცნობ ადგილებს, რომლის სითბო და სუნი ეს წლებია ასე მენატრება...