საქართველოს განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ განათლების რეფორმა ახალ გუნდთან ერთად პოზიტიური დინამიკით გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ჰყავს, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრესტიჟი და კარგი ხელფასი – განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის ახალ პროგრამას ნერგავს

ახალი მოადგილეები ჩხენკელმა სამინისტროს თანამშრომლებს 21 ნოემბერს პირადად წარუდგინა. ესენი არიან ეკატერინე დგებუაძე, რომელიც განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამსახურს ხელმძღვანელობდა, თამარ ქიტიაშვილი, რომელიც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მრჩეველი იყო პროფესიული განვითარების საკითხებში, და ნუნუ მიცკევიჩი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მინისტრმა მოადგილეებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ განათლების კომპლექსური რეფორმა, რომელიც ამ მომენტისთვის მთავრობის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ახალ გუნდთან ერთად პოზიტიურ დინამიკაში გაგრძელდება.

მიხეილ ჩხენკელის პირველ მოადგილედ კვლავ ირინა აბულაძე რჩება. მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს ინარჩუნებენ ასევე ბადრი მაისურაძე, ლევან ხარატიშვილი და შალვა გოგოლაძე.

განათლების სამინისტრო სკოლის სახელმძღვანელოების სრულყოფას აპირებს >>

გუშინ განათლების მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუჩერეს. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. ამ ცვლილების შედეგად ავტომატურად შეუწყდათ უფლებამოსილება მინისტრის მოადგილეებს – ირინა აბულაძეს, ლევან ხარატიშვილს, შალვა გოგოლაძესა და ბადრი მაისურაძეს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ეს ტექნიკური საკითხია, ვინაიდან 13 ნოემბერს ჩხენკელმა მინისტრის პოსტზე მიხეილ ბატიაშვილი შეცვალა.