სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების ერთიანი სისტემა ამოქმედდა

საქართველოს ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაციები არ აისახება პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების ახალი, ერთიანი სისტემა 21 ნოემბრიდან ამოქმედდა, პირველ ეტაპზე რეგულაცია რეანიმაციულ განყოფილებებსა და კარდიოქირურგიას შეეხო.

რა სიახლე ინერგება ჯანდაცვის სფეროში 15 იანვრიდან

ახალი რეგულაციები იმ სამედიცინო დაწესებულებებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული. დღეიდან გარკვეულ კლინიკებს მოუწევთ პაციენტებს სამედიცინო მომსახურება იმ ტარიფებით შესთავაზონ, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა.

საქართველოს პარლამენტში აღნიშნულ ცვლილებებს რამდენიმე საათის განმავლობაში იხილავდნენ. შეხვედრას კლინიკების წარმომადგენლებთან, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ბიზნეს-ომბუდსმენიც.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, აღნიშნული რეგულაციები არ აისახება პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. გაბუნია დარწმუნებულია, რომ ტარიფები ისეა დათვლილი, რომ ცვლილებებმა უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს მომსახურების ხარისხზე.

საქართველოში C–ჰეპატიტის დიაგნოსტიკა აბსოლუტურად უფასო გახდა

„მაგალითად, ცალკეულ შემთხვევებში მკურნალობის ღირებულებაში შესული იყო ისეთი ხარჯები, როგორიცაა პაციენტის მიერ არჩეული ექიმის ჰონორარი, ძვირადღირებული პრეპარატის გამოყენება და ა.შ. სამინისტროს მიერ დადგენილ ტარიფში გათვალისწინებულია ხარისხიანი აპარატურის გამოყენება. სამინისტრო ტარიფებთან დაკავშირებით კლინიკების მხრიდან საფუძვლიან წინადადებებს ელოდება, და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძლიერ არგუმენტებს წარმოადგენენ, შეიძლება დადგენილებაში კორექტივებიც შევიდეს", – განაცხადა გაბუნიამ.

ამ დღეებში 26-მა საავადმყოფომ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, სახალხო დამცველსა და ჯანდაცვის მინისტრს დაგეგმილი სიახლის გადადების თხოვნით წერილით მიმართა. მიუხედავად კლინიკების თხოვნისა, რეგულაცია ძალაში დღეს შევიდა.

კლინიკების ხელმძღვანელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ტარიფები სახელმწიფო დაწესებულებებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე დადგინდა, რაც დაუშვებელია. პასუხად უწყებაში განაცხადეს, რომ გარკვეულ სამედიცინო სერვისებზე ტარიფების დადგენა არ დასრულებულა და მათი გადახედვა ამჯერად კერძო სექტორთან ერთად მოხდება.

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.