აქციის მონაწილეები თბილისის სასამართლოსთვის ბოქლომის დადებას ცდილობდნენ

გასულ კვირაში ოპოზიციამ და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას „ბოქლომების ომი" გამოუცხადეს.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული პირების საქმის განხილვა მიმდინარეობს, ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ხმაურიანი აქცია და პოლიციის კორდონი – რა ხდება მთავრობის კანცელარიასთან

გუშინ სასამართლომ 12 დაკავებულთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა. მათგან ერთმა მიიღო გაფრთხილება, ერთს ჯარიმა, დანარჩენებს კი სხვადასხვა – 3-დან 13 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლო დანარჩენი დაკავებულების საქმის განხილვას დღეს გეგმავდა, თუმცა სასამართლო პროცესის გარკვეული ვადით გადადება გადაწყდა, განაცხადეს სასამართლოს პრეს-სამსახურში.

ახალგაზრდები სასამართლოსთან შეიკრიბნენ და ცენტრალურ შესასვლელ კარზე ბოქლომის დადებას შეეცადნენ, მაგრამ მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეები (20-მდე პირი) ხმამაღლა ყვიროდნენ და პოლიციასა და ხელისუფლებას მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. მოხდა რამდენიმე შეხლა-შემოხლაც.

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთაგან 10 პირს პატიმრობა შეეფარდა

გასულ კვირაში ოპოზიციამ და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას „ბოქლომების ომი" გამოუცხადეს. თავიდან მათ პარლამენტის შესასვლელები ჩაკეტეს, შემდეგ „ნაცმოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომების დარბაზსაც დაადო ბოქლომი.

შემდეგ საქართველოს პროკურატურის ჯერი დადგა, დღეს კი – მთავრობის. მართალია, მთავრობის კანცელარიის ცენტრალური შესასვლელზე ბოქლომის დადების უფლება მათ პოლიციის კორდონმა არ მისცა, მაგრამ მათ ალტერნატიულ გზას მიმართეს – რამდენიმე ბოქლომი ღობეზე ჩამოკიდეს.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.