რეალური ინიციატივა თუ თამაში: დიმიტრი ხუნდაძეს საარჩევნო სისტემის შეცვლა სურს

ოპოზიცია დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს, რადგან ის მომიტინგეთა მოთხოვნეს კარდინალურად ეწინააღმდეგება
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო კანონპროექტის ჩავარდნის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე არჩევნების მხოლოდ მაჟორიტარული წესით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

პიკეტები ყოველ ორშაბათს: ოპოზიციამ გეგმები გაახმოვანა >>

როგორც ცნობილია, 14 ნოემბრიდან თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეები ითხოვენ საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას. მოქმედი კონსტიტუციით, 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, 77–ს – პარტიული სიებით.

„ბოქლომების ომი" – დეპუტატმა პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

„ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არსებულ ვითარებასა და რეალობაში მაჟორიტარული სისტემა საუკეთესო საშუალებაა, რომ ხალხს მივანდოთ არჩევანი, საკუთარი წარმომადგენლები პირდაპირ აირჩიოს და პარლამენტი სრულად მაჟორიტარული სისტემით დაკომპლექტდეს“, – განუცხადა ხუნდაძემ ჟურნალისტებს.

დეპუტატმა შეცდომა უწოდა თავის და სხვა მაჟორიტარი დეპუტატების ამასწინანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ მხარი დაუჭირეს 2024 წლიდან არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

პრემიერმა თბილისში აქციის დაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა >>

„უკეთესია, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას სტაბილური განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს და არ ცხოვრობდეს ხანმოკლე ეფექტებით“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა ხუნდაძემ.

ხუნდაძის ინიციატივის მხარდაჭერას მმართველი პარტიის უმრავლესობა არ გეგმავს.

„ვფიქრობ, გუნდის შიგნითაც იქნება ძალიან ცხარე დისკუსია, ვინაიდან გაჟღერდა ასეთი, ჩემი აზრით, არასწორი ინიციატივა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე ვარაუდობს, რომ ხუნდაძის ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა თამაში.

თბილისში აქციის დაშლისას დაზარალებული ორივე პოლიციელი საავადმყოფოში რჩება

„განა ეს სერიოზულია? მთელი საქართველო და მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობა ითხოვს პროპორციულ არჩევნებს, ისინი კი გვთავაზობენ არათუ სანახევროდ პროპორციულს, არამედ მთლიანად მაჟორიტარულს“, – განაცხადა შავგულიძემ.

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ ხუნდაძესა და მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებს მძინარე მაჟორიტარები უწოდა, რომელთა გამოც 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ >>

„მძინარე მაჟორიტარებს გაახსენდათ, რომ დეპუტატები არიან და ინიციატივის უფლება აქვთ. ძალიან კარგი, შეაგროვონ ეს ხელმოწერები და ჩაატარებენ საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამის პროცედურას. რაც ჩვენ გავაკეთეთ კიდეც იმის წყალობით, რომ 200 ათასი ხელმოწერა შევაგროვეთ“, – აღნიშნა კაციტაძემ.

გასულ კვირას პარლამენტში ორ კანონპროექტს უყარეს კენჭი – ერთი მათგანი შეთანხმებული იყო 20–ზე მეტ ოპოზიციურ პარტიასთან, მეორე შემუშავებული იყო მმართველი პარტიის მიერ. საბოლოო ჯამში ორივე ვარიანტი ჩავარდა.

შედეგად, 14 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები არ წყდება.