საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის და ევროკავშირის დიპლომატიურმა მისიებმა მხარეებს მოუწოდეს, იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში და იხელმძღვანელონ ქვეყნის ინტერესებით.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ნდობის აღდგენისა და კრიზისიდან გამოსვლისთვის საერთო გზები მოძებნონ, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო საარჩევნო რეფორმა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ოპერის თეატრთან აქცია გამართა>>

შესწორებების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და მასშტაბური აქციები დაიწყეს. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლა და იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების გამო არიან საპყრობილეში.

პარლამენტის შესასვლელებთან დემონსტრანტებმა კარვები დადგეს

აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასევე განაცხადეს, რომ აცნობიერებენ მოსახლეობის დიდი ნაწილის იმედგაცრუებას რეფორმის ჩავარდნის გამო.

„დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისაღები იქნება", – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური მისიები სრულად უჭერენ მხარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებებსა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას.

მიტინგი დასრულდა, პარლამენტის შენობის ალყა გრძელდება>>

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ უფლებას ახორციელებს, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", – აღნიშნულია განცხადებაში.
კვირას პარლამენტის შენობასთან 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის მომხრეები შეიკრიბნენ. მათ შენობის ყველა ძირითად შესასვლელთან კარვები დადგეს. შენობის პიკეტირება მთელი ღამე მიმდინარეობდა.