გაბედავს თუ არა ხელისუფლება ძალის გამოყენებას პარლამენტთან აქციის დასაშლელად

ის, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, ძალიან ადვილი მისახვედრი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში მოხდებოდა. რუსთაველის 8 ნომერი, პარლამენტის წინ არსებული მოედანი საკრალურია საქართველოს ბოლო ორი საუკუნის ისტორიაში.
Sputnik

აქ თავისუფლებისათვის ბრძოლისა და საპროტესტო აქციების მისტერიები არ მთავრდება, მაგრამ ეს ქრონიკები ყოველთვის როდია პრაგმატული და სახელმწიფოებრივი.

შეცდომა და დანაშაული იყო 1991 წლის გადატრიალება. შეცდომა და დანაშაული იყო აქციის მონაწილეთა არაერთი დარბევა თუ დაშლა. ამ პროტესტს სრულიად კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული ოჯახები შეეწირნენ. არასოდეს აქციის მონაწილეთა დაშლას ხელისუფლებისათვის სასიკეთო შედეგი არ მოჰყოლია. იქნებ მართლაც უნდა შეიცვალოს საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი, იქნებ სწორედ ტაძარი და იუნკერთა სულების მოსახსენიებელი მემორიალი უნდა აღიმართოს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან, სისხლიან და ტკივილიან პოლიტიკურ არენაზე?..

დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წევრები სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. არ შეუშვეს არც ბიუროს სხდომის მონაწილეები...

მსოფლიო საზოგადოება აშკარად მომიტინგეთა მხარესაა. უფრო სწორად, დანარჩენ მსოფლიოს და „ლუი მეთოთხმეტეს შენი ვახტანგი ფეხზე ჰკიდია“, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, იმედგაცრუებას არ მალავენ.

კრიზისი პარლამენტში – უმრავლესობა გიორგი ვოლსკისა და გუგული მაღრაძის იმედად

როგორ განვითარდება მოვლენები და როდის და რის ფასად შევლენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები პარლამენტში?

დრო ცოტა რჩება, არადა, ბიუჯეტი განსახილველი და დასამტკიცებელია. შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხი, თუმცა ამის გამო, დიდი-დიდი, თავად კანდიდატებმა იდარდონ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის და არჩევნების ჩატარებას არსებული სისტემით აპირებს.

ყველაზე მწვავე თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის პოზიცია და პროგნოზია.

„ომი უნდა. არჩევნების ეშინია. ყველაზე რეტროგრადი ადამიანის იმედად დარჩა... თოფებით ომს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თუმცა არც ამაზე დაიხევს უკან", – წერს „ფეისბუქზე“ თინა ხიდაშელი.

ხელისუფლების კიდევ ერთმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ასევე ღიად განაცხადა, რომ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, აღასრულონ კანონი და უზრუნველყონ კონსტიტუციური ორგანოს მუშაობა.

პოლიტიკური კრიზისი პარლამენტში – ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარები აუჯანყდნენ?

როგორც ძველ ქართულ ზღაპრებშია, ახლა ქვეყანა გზაგასაყარზე დგას და რეალურად მხოლოდ სამი არჩევანი აქვს. პირველია გზა, რომელიც აქციების მიშვებას და ხალხის დაღლას ითვალისწინებს. თუმცა, ზაფხულისგან განსხვავებით, ახლა ხელისუფლებას ასეთი ფუფუნება აღარ აქვს.

მეორე გზაა პოლიციის ძალის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელის გახსნა და პარლამენტის რთულ პირობებში მუშაობა. თუმცა რამდენად პროფესიონალურად და ადამიანების სიცოცხლის ხელშეუხებლად შეძლებენ სამართალდამცველები ამას, ძნელი სათქმელი და ძალიან საეჭვოა. ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზაა როგორც ხელისუფლების, ასევე ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.

მესამე გზაა დიალოგი და ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.

გასაკვირი არაა, რომ დასავლეთში ისევ ვარდების რევოლუციის დეჟა ვიუა. ამერიკელი დიპლომატი უილიამ კორტნი კითხულობს, მოხდება თუ არა საქართველოში მეორე რევოლუცია.

აშშ-ის ყოფილი ელჩი აქაც პარალელს უკრაინასთან ავლებს და ამბობს, რომ უკრაინაში რამდენიმე რევოლუცია მოხდა.

დიახ, საქართველოს სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, რევოლუცია ეკონომიკაში, ტექნოლოგიების განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, მაგრამ პოლიტიკური რევოლუციები ამ ქვეყანას აღარ სჭირდება. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საბოლოოდ არ დაწვავს ერთმანეთისკენ მისასვლელ ხიდებს და მოიძებნება მშვიდობიანი კომპრომისი.

და, იმედია, საერთაშორისო საზოგადოებაც დროულად ჩაერევა ამ პროცესში და არა – პოსტფაქტუმ.