თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში ურჩევს, სიფრთხილე გამოიჩინონ და მოერიდონ ადამიანების მასობრივი შეკრების ადგილებს. განცხადება გამოქვეყნდა სექციის ოფიციალურ Facebook–გვერდზე.
თბილისში პარლამენტის შენობასთან 20–ზე მეტი ოპოზიციური პარტიის მომხრეები იკრიბებიან, ხოლო რესპუბლიკის მოედანზე – „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული მარშის“ მომხრეები. ამჯერად, წინა აქციებისგან განსხვავებით, ეს იქნება არა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, არამედ თანამზრახველების აქცია.
რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის, რომ 17 ნოემბერს თბილისის ცენტრში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები რამდენიმე ანტისამთავრობო მიტინგსა და დემონსტრაციას აწყობენ.
„ქალაქში გაიზრდება უსაფრთხოების ზომები და შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება“, – ნათქვამია განცხადებში.
რუსეთის მოქალაქეებს, საგანგებო შემთხვევებში, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: +995 (32) 291-24-53, რომელიც სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს.
საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს.
ირმა ინაშვილი: ნუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ არ მოხდება მისი გადაწყვეტილების შეცვლა>>
აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა. პარასკევ საღამოს მათ მმართველ პარტიას შესთავაზეს ე. წ. გერმანული მოდელი, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, არ საჭიროებს შესწორებებს კონსტიტუციაში.