24 წლის ქართველი „ტენორე ჯეო" ფლორენციის საოპერო სცენაზე

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ახალგაზრდა საოპერო მომღერალს, რომელიც საკუთარი თავს ნიკოლოზ ტურანდოტ გორგოძედ წარადგენს.
Sputnik

დედა ემიგრაციაში იყო წასული, ამიტომ პატარა ნიკოლოზი ბებიამ გაზარდა და მუსიკაც მან შეაყვარა. ქუთაისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ვოკალის განხრით სწავლობდა.

მისი ოცნების ასრულება 2012 წელს დაიწყო, როცა იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში გაემგზავრა. უკვე რვა წელია იქ ცხოვრობს და მის საყვარელ საოპერო არიებს ასრულებს - სცენაზეც და მის მიღმაც...

2013 წელს ქალაქ პისტოიას ვინჩენცო ბელლინის სახელობის კერძო სამუსიკო სასწავლებელში ჩააბარა. 2016 წელს ფლორენციის ლუიჯი ქერუბინის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოხვდა. 24 წლის მომღერალი გამოსულია ისეთ სცენებზე, რაზეც გამოცდილი საოპერო შემსრულებლები დღემდე ოცნებობენ.

კამერული არიები და ნეაპოლიტანური სიმღერები აქვს ნამღერი: ფლორენციის სამეფო სასახლეში, იქ, სადაც შვიდი წლის მოცარტმა დაუკრა, ფლორენციის მედიჩების სასახლეში, ქალაქ პისტოიის თეატრში, პრატოს თეატრ პოლიტეამაში.

16 ნოემბერს მომღერალი მიწვეულია მილანში, სადაც ორ ნეაპოლიტანურ სიმღერას შეასრულებს.

24 წლის ქართველი „ტენორე ჯეო" ფლორენციის საოპერო სცენაზე

- ნიკოლოზ, როგორი იყო ქუთაისური ბავშვობა და როდის გაჩნდა იქ მუსიკა?

- ჩემი ქუთაისურ ბავშვობა ლაღი და ბედნიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა წუხილიც ახლდა, რაც დედის მონატრებით იყო გამოწვეული. იგი იძულებული გახდა, რომ 2007 წელს ევროპაში ემიგრანტად წასულიყო. მე ბებიასთან და ბაბუასთან (დედის მშობლებთან) ვიზრდებოდი. დაწყებითი განათლება ქუთაისის სკოლა "ცოდნაში" მივიღე. მუსიკისადმი ინტერესი ბავშვობაში ბებიამ ჩამომიყალიბა. ხშირად ერთად ვღიღინებდით და ვმღეროდით. მან დაინახა ჩემში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი, ამიტომ ცხრა წლის ასაკში ქუთაისის ქართული ხალხური საკრავების მუსიკალურ სასწავლებელში დავიწყე სწავლა. იმავდროულად ვსწავლობდი ქუთაისის მელიტონ  ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ვოკალის განხრით, რომელიც დავამთავრე 2011 წელს დავამთავრე. იქ გატარებული შვიდი წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მყავდა საუკეთესო პედაგოგები, რომლებიც ძალას არ იშურებდნენ, რომ ჩემთვის საკუთარი ცოდნა გაეზიარებინათ. იქ გატარებული დღეები არასოდეს დამავიწყდება.

24 წლის ქართველი „ტენორე ჯეო" ფლორენციის საოპერო სცენაზე

- როგორ შეცვალა იტალიამ თქვენი ცხოვრება და რა პიროვნული თვისებები შეიძინეთ აქ ყოფნის დროს?

- 2012 წელს, დედასთან იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში გავემგზავრე. როგორც მამაკაცი და ზრდასრული პიროვნება ფაქტობრივად აქ ჩამოვყალიბდი და გამოცდილებაც შევიძინე. რვა წელია იტალიაში ვცხოვრობ და ვსწავლობ, შემიძლია გითხრათ, რომ უცხო  ქვეყანაში თავის დამკვიდრება ნამდვილად არ იყო ადვილი. თანაც იმ დროს, როცა ენის ბარიერი არსებობდა და სწავლაც მეტად მკაცრი იყო. როდესაც მისაღები გამოცდები ფლორენციის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე, მაშინ უფრო დამოუკიდებელი, ძლიერი და თამამი გავხდი. დღეს კონსერვატორიაში სწავლის თანხის გადახდას საკუთარი ხარჯებით ვახერხებ- სწავლისგან თავისუფალ დროს სხვადასხვა სეზონურ სამუშაოებს ვასრულებ, ამით დედასაც ვუმსუბუქებ ემიგრანტის მძიმე ტვირთს.

- საოპერო სცენაზე დებიუტი 17 წლის ასაკში გქონდათ, რაც იშვიათია ამ სფეროში...

- დიახ, 17 წლის ასაკში შედგა ჩემი დებიუტი ქალაქ პისტოიის თეატრში, ეს იყო პერგოლეზის ოპერაში "ლა სერვა პადრონა", სადაც მოხუცი უმბერტოს როლი მქონდა. ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ასრულდეს ჩემი ოცნება და ლა სკალას დებიუტანტი გავხდე, მინდა შევასრულო ჯუზეპე ვერდის ოპერაში „ლა ტრავიატა" ალფრედ ჟერმონის როლი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ...

-  ვიცი, რომ ნიჭის გარდა, საოცარი შრომისუნარიანობითაც გამოირჩევით, ამის დასტურია თქვენი დებიუტის ამბავი, გაიხსენეთ რა მოხდა მაშინ...

- ამ ამბავს რომ ვიხსენებ, მეც კი მიკვირს. როდესაც დებიუტანტის ამპლუაში მოხუცი უმბერტოს როლზე მოვხვდი, ერთი წლის ჩამოსულიც არ ვიყავი იტალიაში და რა თქმა უნდა ენა კარგად არ ვიცოდი. მაშინ მასწავლებელმა მითხრა: თუ ორი კვირის განმავლობაში ზეპირად ვერ ვისწავლიდი 70 გვერდიან ოპერის კლავირს, როლზე სხვას დაამტკიცებდნენ. მაშინ მე ყველაფერი გადავდე და ოთხი დღე და ღამე შეუსვენებლად ვმეცადინეობდი. როდესაც მეხუთე დღეს გენერალურ რეპეტიციაზე მივედი, როლი ზეპირად ვიცოდი! ყველა გაოცებული დარჩა და როლზეც რა თქმა უნდა, დამამტკიცეს. ეს იყო ჩემთვის დიდი სცენის და ცხოვრების პირველი სერიოზული გამოცდა, რომელიც წარმატებით ჩავაბარე... 

24 წლის ქართველი „ტენორე ჯეო" ფლორენციის საოპერო სცენაზე

- დიდი სცენის გარდა თურმე პუბლიკას აოცებთ პიცერიაშიც, სადაც მუშაობთ, ასეა?

- დიახ, ფლორენციაში ვმუშაობ პიცერია-რესტორანში, სახელად "AMALFI".  როდესაც კლიენტებს ვემსახურები კარაოკეს თანხლებით ხშირად ვმღერი ხოლმე. ისინი გაოცებული სახით და სიამოვნებით მისმენენ, მერე კომპლიმენტებით მავსებენ და აპლოდისმენტებსაც არ იშურებენ... რადგან საქართველოდან ვარ იტალიელები ხშირად ასე მომმართავენ -"ტენორე ჯეო". როგორც კი საშუალება მეძლევა, ვცდილობ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები ყველას გავაცნო.

- არ შემიძლია არ გკითხოთ ბებიაზე, რომლის დამსახურებაცაა თქვენი მუსიკით დაინტერესება, დარწმუნებული ვარ, ამაყობს თქვენით...

- დიახ, ბებია მოესწრო ჩემს წარმატებას და ძალიან ამაყობს, ბედნიერი ვარ, რომ მას, დედას და ახლობელ ადამიანებს ასე გავუმართლე. საქართველოში ბევრი რამ მენატრება: ჩემი სახლი, ჩემი აღმზრდელი ბებია და ბაბუა, ბავშვობის მეგობრები, მასწავლებლები, მოკლედ სენტიმენტალიზმში თუ არ ჩამითვლით, ჩემი ბავშვობა მენატრება... ვოცნებობ იმაზე, რომ მალე ჩემით საქართველომაც იამაყოს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ...