ლევან დავითაშვილი: საქართველო შესაძლოა თევზის ექსპორტიორ ქვეყანად იქცეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაასრულა მუშაობა კანონის პროექტზე, რომელიც ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს აკვაკულტურის, მარიკულტურისა და, ზოგადად, თევზის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მიაჩნია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.

„ჩვენი ქვეყანა, შესაძლებელია, ამ პროდუქციის ექსპორტიორად იქცეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნული მიმართულებით ახალი კანონმდებლობის შესაქმნელად ერთწლიანი მუშაობა დასრულდა. უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ძალიან მოკლე ხანში პარლამენტი დაამტკიცებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მომზადებული კანონპროექტი კერძო ინვესტორებისთვის განვითარების აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისთვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ამ კანონპროექტზე ლევან დავითაშვილმა სოფელ ხაშმსა და სოფელ ტბისში ისაუბრა, სადაც უკრაინული ინვესტიციებით შექმნილი სატბორე მეურნეობები დაათვალიერა.

პრეზიდენტი ქვეყნის გამოწვევებზე: საქართველომ შეძლო „სტაბილურობის კუნძულის" შენარჩუნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრმა აღნიშნა, რომ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო პაკეტით სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მოხდება.

სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული ინვესტიციით საქართველოში სამი სატბორე მეურნეობა შეიქმნა. კომპანიას Aqua Farm Village Khashmi ხაშმში წარმოებული თევზი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. მომავალი წლიდან კი წარმოების გაფართოებას გეგმავენ და შავი ზუთხის მოპოვებას აპირებენ. თეთრიწყაროში, სოფელ ტბისში კი კომპანია Rioni Sturgeon Factory ნორვეგიის ორაგულსა და ჩილეს ორაგულს აწარმოებს. მიმდინარეობს მუშაობა კალმახის ხიზილალის წარმოებაზე. ამავე მიმართულებით მუშაობს მესამე კომპანია Club Admiral.

ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელს ქართველი უხელმძღვანელებს

სამინისტროს ინფორმაციით, ამ თევზსაშენებში ათას ტონაზე მეტი თევზი მოჰყავთ, რომლის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე დსთ-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ბაზრებზე ხდება.

როგორც კომპანიების მფლობელმა სერგეი პანჩენკომ განაცხადა, განხორციელებული უკრაინული ინვესტიცია ბოლო წლების განმავლობაში 10 მილიონ დოლარს აჭარბებს. საქართველოში არსებულ სატბორე მეურნეობებში მოყვანილი ქართული ხიზილალის გატანა სამომავლოდ მსოფლიო ბაზარზე იგეგმება. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს.