ბებიის რეცეპტით მომზადებული სვანური სუნელები: როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული პროდუქტი

საბედნიეროდ, ქართული სამზარეულო მდიდარია მრავალფეროვანი სანელებლებით, თუმცა დღეს ბევრს საუბრობენ მათ ავკარგიანობაზე.
Sputnik

ნატა შამფრიანი წარმოშობით სვანეთიდანაა. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი საკუთარი ხელით მოჰყავს. სუნელებს ძირძველი, მამაპაპური სვანური მეთოდით ამზადებს, რომელიც დედამ ასწავლა, მას თავისმა დედამ და ა.შ. ნატა საკუთარი საქმიანობის შესახებ გვესაუბრა და ჩვენს მკითხველს საინტერესო რჩევები გაუზიარა, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ფალსიფიცირებული სუნელი ნამდვილისგან.

ბებიის რეცეპტით მომზადებული სვანური სუნელები: როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული პროდუქტი

- დავიბადე და გავიზარდე მესტიის რაიონში, სოფელ ბეჩოში. თბილისში ვარ გათხოვილი და ახლა აქ ვცხოვრობ, მაგრამ წელიწადის ნახევარს სვანეთში ვატარებ. ჩემი ოჯახი მისდევს მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, მოგვყავს ნატურალური და სუფთა პროდუქტი. მეც აქტიურად ვეხმარები მშობლებს საქმიანობაში. მთელი ზაფხული–შემოდგომა იქით ვარ, მათთან ერთად ვმუშაობ და შემდეგ ვეხმარები დაბინავებაში.

- თქვენი დედმამიშვილებიც ასე აქტიურად არიან ჩართული საოჯახო მეურნეობაში?

- დედმამიშვილებით ძალიან მდიდარი და გალაღებული ვარ. ორი და და ერთი ძმა მყავს. მე და ჩემი ერთი და თბილისში ვართ გათხოვილი. ჩემი ძმა სვანეთში ცხოვრობს. მეურნეობასთან ერთად დაკავებული ვართ ტურისტული საქმიანობით. ყველა ერთმანეთს ვუდგავართ გვერდით და ვშრომობთ ასე მუხლჩაუხრელად. ხშირად ჩვენი ტურისტებიც მოგვყვებიან ბოსტანში და გვეხმარებიან კარტოფილის ამოღებაში, გათოხვნაში, საქონლის მოწველაში და ა.შ. ეს ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია მათთვის. ზოგჯერ ინიციატივას იჩენენ და უნდათ ყველის ამოყვანა, მაწვნის დაყენება ისწავლონ.

ბებიის რეცეპტით მომზადებული სვანური სუნელები: როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული პროდუქტი

- ამზადებთ ნატურალურ სუნელებს, ვისი რჩევით დაიწყეთ სუნელების წარმოება?

- სუნელების დამზადება ჩემი მეგობრების და ახლობლების რჩევით დავიწყე. შინაურებისთვის ვამზადებდი სვანურ მარილს და იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, ისევ მათი თხოვნით გადავწყვიტე ფართო ასპარეზზე გავსულიყავი. ჩემი ახლობლების დამსახურებით ბევრმა ადამიანმა გაიგო ჩემ მიერ დამზადებული ნატურალური სუნელების შესახებ და მოთხოვნაც შესაბამისად გაიზარდა.

- თქვენ თვითონ მოგყავთ სუნელები?

- კი, ჩვენ მოყვანილ სუნელებს ვაწარმოებთ. წელს უკვე ცოტა მეტი დავთესეთ. ავიღეთ მოსავალი, დავამუშავეთ, სექტემბერში კი ჩამოვედი და ჩამოვიტანე ჩემ ოჯახში მოყვანილი ნატურალური სუფთა პროდუქტი. ჩემ სახლში მოყვანილი სუნელებით, ნივრით ვაკეთებ სვანურ მარილს. უკვე იმდენად გაიზარდა მოთხოვნა, რომ როცა ჩემი ოჯახის მოყვანილი გავყიდე, მომიწია სვანეთის სოფლებში ოჯახებისგან შემეძინა სუნელი. როგორც კი სხვა ოჯახიდან ავიღე სუნელი, მაშინვე გავაკეთე ტყვიის ანალიზი. საბედნიეროდ, გაამართლა ჩემი მოლოდინი, რადგან მე ვცნობ უკვე პროდუქციას. ახლა იმ ოჯახებიდან ვყიდულობ, ვისიც ვიცი, რომ ნადვილად ნატურალური და ბიოპროდუქტია. პერიოდულად ვაკეთებ ტყვიის შემცველობაზე ანალიზს, რომელიც არც ისე იაფი ჯდება. თუმცა მირჩევნია სულ არაფერი დამრჩეს, მაგრამ ჩემ მომხმარებლებთან პირნათელი და სუფთა ვიყო.

ბებიის რეცეპტით მომზადებული სვანური სუნელები: როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული პროდუქტი

- სუნელების დამზადება ვისგან ისწავლეთ?

- ჩვენი ოჯახი ოდითგანვე მისდევდა მიწათმოქმედებას. სუნელებს ისედაც ვთესავდით ჩვენ ბოსტანში. რაც შეეხება სუნელების დამზადებას, ეს ტექნოლოგია დედისგან ვისწავლე, დედამ – ბებიისგან და ასე მოგვყვება ეს ტრადიცია.

- სვანური მარილის გარდა რა სუნელებს ამზადებთ?

- აქამდე მხოლოდ სვანურ მარილს ვამზადებდი. ვინაიდან გაიზარდა მოთხოვნა, გადავწყვიტე დამეთესა სხვა სუნელებიც. ვამზადებს ქინძს, უცხო სუნელს, წიწაკას, მთის ქონდარს, რომელსაც კლდეზე და მთაში ვკრეფ. ასევე ვაკეთებ გიცრულს, რომელიც მხოლოდ ზემო სვანეთში, ალპურ ზონაში მოდის. გამიმართლა, რომ ასეთ ადგილზე ვცხოვრობ.

ხან ვხუმრობ, მგონი, დაბადებიდან შრომაში ვარ. მიწაზე მუშაობა მარტივი არ არის, მაგრამ როცა გიყვარს შენი საქმე, დაღლაც სასიამოვნო ხდება. არ ვთაკილობ არანაირ სამუშაოს და უკვე გათავისებული მაქვს, რომ ჩემი შრომით უნდა ვარჩინო ჩემი პატარა ოჯახი.

მთაწმინდის პარკი აჯიკის ფესტივალს უმასპინძლებს

- შეგიძლიათ მოგვიყვეთ როგორ ამზადებთ სუნელებს?

- სანამ მწვანეა, ვაკეთებთ აჯიკებს. შემდგომ რაც არის კაკალი, ძირიანად ამოდის მიწიდან. კონებად ვკიდებთ მზეზე და ვახმობთ. გახმობის შემდეგ ვსრესთ ხელით და მიგვყავს იმ კონდიციამდე, სანამ სუფთად არ დაიფშვნება. ამის შემდეგ ვფქვავთ საფქვავით.

- ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ქართულ ბაზარზე იყიდება უხარისხო სუნელი. როგორ შეიძლება გამოარჩიოს მომხმარებელმა ხარისხიანი სუნელი უხარისხოსგან?

- ერთხელ ძალიან ცუდი შემთხვევა მქონდა. ზამთრის პერიოდში ერთ-ერთ კლიენტს ძალიან სჭირდებოდა დიდი რაოდენობით უცხო სუნელი, საზღვარგარეთ მიჰქონდა და მთხოვა დამზადება. მჭირდებოდა ნიორი. შეიძლება თქვათ, რომ ნიორი ყველგან ნიორია, მაგრამ ასეც არ არის. სვანური ნიორი შემოტანილისგან ძალიან განსხვავდება სუნით, ფერით, სიმძაფრით, არომატით. ერთ-ერთ ბაზარში წავედი საყიდლად. ერთი კილო ნიორი ღირდა რვა ლარი და, როგორც გითხარით, საკმაოდ ბევრი მქონდა საყიდელი. გამყიდველი მეუბნება, ამდენ ნიორს რომ ყიდულობ, შენ განა რა გრჩებაო. ჩამახედა ვედროში, საშინლად მყრალი, თეთრი ფხვნილი ეყარა. ნივრის ფხვნილია, ეს იყიდე ნივრის მაგივრად, ერთი ჭიქა 50 თეთრი ღირსო. გავოგნდი და ცივად გამოვტრიალდი უკან. იმისი საშინელი სუნი არასოდეს დამავიწყდება.

სვანური მარილს, რაც ბაზარში იყიდება, ამზადებენ ქინძისგან, უცხო სუნელისგან, მარილისგან და ნივრის ფხვნილისგან. ეს არის საწამლავი.

ყველაზე მეტად პრობლემურია წითელი წიწაკა და ყვითელი სუნელი. ყვითელი ყვავილი ძალიან წმინდა, ჰაეროვანი და მსუბუქია. თუ არის ოდნავ მძიმე და ღია ფერის, უნდა მიხვდე, რომ ის სუფთა არ არის და შეიცავს კურკუმას. ყვითელი ყვავილი უნდა იყოს ხასხასა სტაფილოსფერი, თავისი თეთრი მარცვლებით და უმსუბუქესი. ყვითელ ყვავილში ურევენ კურკუმას, რადგან ის ბევრად იაფია.

რას ვჭამთ? რიგ პროდუქტებში ტყვია აღმოაჩინეს

რაც შეეხება უცხო სუნელს, ბაზარზე არის სამნაირი. ფქვავენ ღეროს და ფოთოლს, ასევე ფოთოლს, ღეროს და კაკალს და მხოლოდ კაკალს. მხოლოდ კაკალი არის ძალიან მძაფრი და არომატული, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ მისი გარჩევა. როცა ფოთოლი და ღერო ურევია, იმას მძაფრი სუნი ვერ ექნება. წითელ წიწაკას ურევენ საღებავებს. თუ წიწაკის გარჩევა გინდა, აუცილებლად უნდა ჩაყარო პლასტმასის ბოთლში და დაასხა წყალი. თუ ბოთლზე წითელი ფერი გადავიდა, ის არ არის სუფთა და შეღებილია. ნატურალური, ბოსტანში დაკრეფილი წიწაკა პლასტმასზე არასოდეს გადავა.

როგორც მოგახსენეთ ყველაზე ხშირად მინარევებს ურევენ ყვითელ სუნელში, წიწაკაში და უცხო სუნელში. ქონდრის და ქინძის გაყალბება ცოტა უჭირთ.

- სუნელების გარდა სხვა რა პროდუქტი ჩამოგაქვთ სვანეთიდან?

- წელს ჩამოვიტანე უსასუქო კარტოფილი, ლობიო და საახალწლოდ ჩამოვიტან ყველს. მიწაში შხამქიმიკატები არ შეგვაქვს. სასუქად მხოლოდ დამწვარ ნაკელს ვიყენებთ. საბედნიეროდ, კლიმატი და ნიადაგი გვიწყობს ხელს, რომ სასურველი პროდუქტი მივიღოთ. ყველაფერი, რაც მე და ჩემ მშობლებს საკუთარი ხელით მოგვყავს, არის ნატურალური და სუფთა. სწორედ ჩვენი სუფთა ხელებით და გულით მოვდივართ დღემდე.