ფოთის იზოლატორიდან ყოფილი მერი ზუგდიდში გადაიყვანეს

ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ბრალს არ აღიარებს, მის ადვოკატს ბრალდების სრულად გაბათილების იმედი აქვს
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ასევე მასთან ერთად დაკავებული სამი მოქმედი საჯარო მოხელე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ზუგდიდში გადაიყვანეს, იუწყება პირველი არხი.

სავარაუდოდ, სასამართლო კაკულიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს >>

გამოძიების ინფორმაციით, 2015 და 2017 წლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომლებიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში შეჰქონდათ ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.

ქობულეთში მერიის ოთხი თანამშრომელი დააკავეს: ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები არ რეაგირებდნენ მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს, რითიც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა სამუშაოების შემსრულებელს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა – ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს პერიოდში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

რამდენი „კორუფციონერი პარაზიტია" აჭარის მთავრობაში – ვინ დარჩება ბორტს მიღმა >>

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

თავად კაკულია ბრალს არ აღიარებს, ხოლო მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება სრულიად უსაფუძლოა.