თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო საკუთრება იქნება და გახდება ნაწილი იმ დიდი საგანმანათლებლო სისტემის, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო აშენებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში, რომელიც უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
ბიძინა ივანიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყნის საკუთრება იქნება >>
საგანმანათლებლო კომპლექსი 153 ჰექტარ მიწაზე შენდება და რეგიონში პირველი მასშტაბური საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომელიც თანამდეროვე ლაბორატორიებით და ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი.
ამასთან ტერიტორიის 80 ჰექტარს ტყე წარმოადგენს. პროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი მსოფლიოში ყველაზე მწვანე იქნება. ის 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი. საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობაზე ივანიშვილმა თავისი ფონდ „ქართუდან“ 1 მილიარდი ევრო გადარიცხა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ იქნება ნაწილი მხოლოდ იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აშენებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ 2021 წლიდან საქართველოში განათლებაზე ქვეყნის ბიუჯეტის 25% დაიხარჯება, რაც სერიოზულ შედეგებს მოიტანს.
„2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ძალიან დიდი რესურსი – ბიუჯეტის 25 პროცენტი და ეს ძალიან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ რვა წელიწადში შეგვიძლია, პრინციპულად განსხვავებული შედეგი დავინახოთ და თამამად ჩავეწერებით განათლებული და წარმატებული ქვეყნების რიგში“, – განაცხადა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა მათი ოჯახის ოცნების განხორციელებაა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მისცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას“, - განაცხადა ხვედელიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ქუთაისი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის შემთხვევით არ შეირჩა.
„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქიდან დაახლოებით ერთ საათში-საათნახევარში არის შესაძლებელი მაგალითად, ზღვასთან მისვლა. ეს ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, დასვენებისთვის“, - განაცხადა ხვედელიძემ.
უნივერსიტეტის მშენებლობა
ამჟამად ქუთაისში მშენებლობა 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე მიმდინარეობს. აქ აშენდება სამი სასწავლო კორპუსი, სამი საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისთვის, საცხოვრებელი კორპუსი პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალური ბიბლიოთეკა, სასადილო. ეს ყველაფერი პროექტის პირველი ფაზის განხორციელებისას აშენდება.
ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთო საცხოვრებელში ყველა სტუდენტს ექნება ინდივიდუალური ბინა, საკუთარი სამზარეულოთი და აბაზანა-ტუალეტით.
მეორე ფაზაში აშენდება კიდევ ორი სასწავლო კორპუსი, ადრონული ამაჩქარებლის ცენტრი თავისი ლაბორატორიებით და საუნივერსიტეტო კლინიკა. აქ უმკურნალებენ პაციენტებს და ასევე შეისწავლიან ბირთვულ ფიზიკას. ადრონული თერაპიის ცენტრი ითანამშრომლებს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანია IBA-თან, რომელიც ციკლოტრონებს აწარმოებს (სპეციალური რთული დანადგარი ბირთვული ნაწილაკების მოძრაობის ენერგიის აჩქარებისთვის - რედ.)
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ქუთაისის ახალ უნივერსიტეტს სპორტის სხვადასხვა სახეობებში თავისი გუნდების ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს. ნულიდან იქმნება საგზაო ინფრასტრუქტურა, ველობილიკები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები. ყველა სამშენებლო სამუშაოები გერმანული სტანდარტების დაცვით ხორციელდება.
როდის დაიწყება სასწავლო პროცესი
სტუდენტების პირველ ნაკადს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს.
უნივერსიტეტი სტუდენტებს შესთავაზებს სამ მიმართულებას - მათემატიკას (გამოყენებითი მათემატიკა), კომპიუტერულ მეცნიერებას (პროგრამული ინჟინერია, კომპიუტერული ქსელები, მონაცემთა ბაზა და კომპიუტერული სისტემები, ხელოვნური ინტელექტი) და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამებს (ინოვაცია და მრეწველობა, მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა, ეკონომიკა). უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე იქნება.
მოგვიანებით დაემატება ახალი საგანმანათლებლო მიმართულებები. ასე მაგალითად, 2021-2022 წლებში დაემატება საბუნებისმეტყველო საგნები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია). ამ ჩამონათვალს 2022-2023 წლებში საინჟინრო მეცნიერებები დაემატება, ხოლო 2023-2024 წლებში უნივერსიტეტი სტუდენტებს უკვე ჰუმანიტარულ მიმართულებებს და მედიცინას შესთავაზებს.