თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული აფთიაქების ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი, პრაქტიკულად, ამოიწურა, იუწყება პირველი არხი.
ფრანგული, ოთხკომპონენტიანი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს აფთიაქებში დაახლოებით 15 ნოემბრიდან გამოჩნდება. იმპორტის ზუსტი ვადები მწარმოებელზეა დამოკიდებული.
სააფთიაქო ქსელ GPC-ში („ჯიპისი") აცხადებენ, რომ ოქტომბრის ბოლოს შემოვიდა სამკომპონენტიანი ჰოლანდიური პრეპარატი „ინფლუვაკის" 12 ათასი დოზა. ეს გასულ წელს შემოტანილზე 25%-ით მეტია.
შემსყიდველთა შორის იყვნენ როგორც სამედიცინო დაწესებულებები, ისე სხვა კომპანიები, რომლებმაც პრეპარატი თავიანთი თანამშრომლების ვაქცინაციისთვის შეიძინეს.
ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში უკვე შემოვა ოთხკომპონენტიანი ფრანგული ვაქცინა „ვაქსიგრიპი". „ჯიპისი" 10-12 ათას დოზას ელოდება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ დამატებით პარტიას შეუკვეთენ. ვაქცინის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო აცრები ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება>>
სააფთიაქო ქსელმა „ავერსმა" (Aversi) ვაქცინის 4,5 ათასი დოზა შეიძინა, რომელიც უკვე გაიყიდა. ამ ქსელში ფრანგული ვაქცინის 1,5 ათასი დოზა ნოემბრის ბოლოს შევა.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოს მთავრობამ გრიპის საწინააღმდეგო 100 ათასი ერთეული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. ის განკუთვნილია რისკის ჯგუფში შემავალი მოქალაქეებისთვის – ბავშვებისთვის, რომლებიც საბავშვო სახლებში იზრდებიან, მოხუცთა სახლებში მცხოვრები ასაკოვანი ადამიანებისთვის, დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, დიალიზზე მყოფი პირებისთვის, С ჰეპატიტის მქონე და აივ-დაინფიცირებულებისთვის.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, რომ ვაქცინა უკვე გადანაწილებულია ქვეყნის ყველა რეგიონსა და რაიონში. გეგმის მიხედვით, ჯერ მაღალი რისკის მქონე ადამიანები აიცრებიან.
ასევე დაგეგმილია ვაქცინაციის ე.წ. თავისუფალი დღეები, როდესაც უფასო აცრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერი ან ნოემბრის დასაწყისი.