თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. კომპანია „ჩირინას“ (ბრენდი „ბიუ-ბიუ“) დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე არ ეთანხმება სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნას კომპანიის პროდუქციაში სალმონელას აღმოჩენის შესახებ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დამფუძნებლის განმარტებით, კომპანიამ პროდუქციის ხარისხი ნათაძის სახელობის ლაბორატორიაში თავად შეამოწმა, თუმცა დარღვევები არ დაფიქსირდა.
„ჩემი მიზანი არ არის სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ბრძოლა. ვაპირებ, ხვალ ან ზეგ დავუკავშირდე სააგენტოს, ერთად შევისწავლით ამ საკითხს და ალბათ დასკვნასაც დავდებთ“, – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
ვაშაკიძის განმარტებით, კომპანია „ბიუ-ბიუს“ პროდუქცია რეგულარულად მოწმდება და მისი მიღება უსაფრთხოა.
რაც შეეხება რესტორანს „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, სადაც 19 ოქტომბერს 11 პირის ინტოქსიკაცია მოხდა, ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ თარაშვილის განცხადებით, წარმოება გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო, თუმცა ჩატარდა დეზინფექცია, რის შემდეგაც მუშაობა განახლდა.
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“.
სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ბიზნეს-ოპერატორთან იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება. ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები უკრაინული ქათმის ბარკლის, „ბიუ-ბიუს“ ქათმის ფრთების (ნახევარფაბრიკატი) და „ბიუ-ბიუს“ ქათმის დამარინადებული ფილედან აიღეს. კვლევის შედეგად პროდუქციაში გამოვლინდა სალმონელა.
გარდა ამისა, მიკრობიოლოგიური დარღვევა გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშშიც (მწარმოებელი „Processing Complex უკრაინა“, დისტრიბუტორი – შპს „სანი“).
სააგენტომ კონტროლი განახორციელა შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღებული ხუთი ნიმუშიდან ოთხ მათგანში გამოვლინდა სალმონელა.
სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბერს რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ არაგეგმური ინსპექტირება განმეორებით ჩატარდა და კრიტიკული შეუსაბამობების გამო მას საწარმოო პროცესი შეუჩერა. გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა იმ მაღაზიასაც, სადაც ზემოთ აღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე და ასევე 1000 ლარით დაჯარიმდა.
აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება, ხოლო შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.