თბილისში ავტობუსების ახალი პარტია შემოიყვანეს

მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქალაქის ხელისუფლება ამორტიზებული მუნიციპალური ავტობუსების მთლიანად გამოცვლას გეგმავს.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ ISUZU-სა და MAN-ის მარკის 30 ახალი ავტობუსი შეისყიდა, რომლებიც დედაქალაქის 11 მარშრუტზე დაიწყებენ მოძრაობას, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

შემოყვანილი ავტობუსებიდან 23 ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსია, ხოლო 7 – ათმეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსი. დღეიდან ავტობუსები იმოძრავებენ მარშრუტებით №5, №90, №106, №112, პარასკევიდან – №1, №31, №124; ხოლო რამდენიმე დღეში – №19, №57, №80 და №122.

კალაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს>>

ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრებლებს მოემსახურება და შემოერთებულ სოფლებს ქალაქის ცენტრალურ რაიონებთან დააკავშირებს. როგორც კალაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, მერია დაგეგმილი სატრანსპორტო პოლიტიკის რეალიზაციას განაგრძობს.

რომელი მარშრუტებით იმოძრავებენ თბილისში ახალი ავტობუსები?

„პირველი და მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. მხედველობაში მაქვს არსებული ავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ დავისახეთ პრიორიტეტად, რომ ჩავანაცვლოთ არსებული ავტოპარკი ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით და ჩვენს დაპირებას ვასრულებთ", – აღნიშნა კალაძემ.

ავტოპარკის განახლების მიზნით 2019 წელს დედაქალაქის მერიამ 90 ერთეული ათმეტრიანი MAN-ის ტიპის და 220 ერთეული ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსი შეიძინა.

გაზაფხულზე თბილისში MAN-ის მარკის 50 ერთეული ავტობუსი შემოიყვანეს. რაც შეეხება ISUZU-ს მარკის ავტობუსებს, პირველ ეტაპზე ოქტომბერში 60 ერთეული შემოიყვანეს.

კალაძე: ტაქსის გაძვირება ნორმალურია, თუ ვინმეს პრობლემა აქვს, იქნება ახალი ავტობუსებიც

როგორც MAN-ის, ისე ISUZU-ს მარკის ავტობუსები დიზელის საწვავზე მუშაობენ, ადაპტირებული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ავტობუსებში არის WiFi-ს ქსელი, ასევე გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემები. ავტობუსის სალონებში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და USB-დამტენები.

ამჟამად თბილისში ყოველდღიურად 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქალაქის ხელისუფლება ამორტიზებული მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანად გამოცვლას გეგმავს, ხოლო 2020 წელს ახალი ავტობუსების რაოდენობა 900-მდე გაიზრდება.

დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.