კალაძე: ეკლესია იყო და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის სიყვარული კათოლიკოს-პატრიარქისადმი საქართველოს მძიმე დღეების გადალახვაში დაეხმარება
Sputnik

 

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ბევრი სირთულე ახსოვს, ის იყო და იქნება ქართველი ხალხის თვითმყოფადობის ფუნდამენტი, განუცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. 

გიორგი გახარია: საქართველოს პატრიარქი ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა

ასეთი კომენტარი გააკეთა კალაძემ წმინდა სინოდის ბოლო სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს მიტროპოლიტის წოდება ჩამოართვა, რადგან მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი.

 „ჩვენი ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი გამარჯვება იყო, იყო პრობლემებიც, სირთულეებიც, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი. ქართველი ხალხის რწმენა, ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტი და სიბრძნე, ქართველი ხალხის დამოკიდებულება და სიყვარული მის მიმართ, დარწმუნებული ვარ, შეგვაძლებინებს ამ რთული დღეების გადალახვას“, - აღნიშნა კალაძემ.

მისი სიტყვებით, პოლიტიკოსებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რათა ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდეს.  

„პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" – მამა პეტრე (ცაავა) განმარტავს

 „საოცარ განცხადებებს, პოლიტიკურ შეფასებებს ვისმენთ. ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი განცხადებები თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომა და დამოკიდებულებაა. ეს ჩვენ ყველას გვაზარალებს, რადგან ამით ზარალდება ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დღეს ქართველმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რომ იყვნენ ობიექტურები და ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული განცხადებები გააკეთონ.

 „მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხელი არ შევუწყოთ დაპირისპირების გაღვივებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) განაცხადა, რომ არ აპირებს შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განწესდა. მან ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა.