მეუფე პეტრე პატრიარქს უყვიროდა - სამღვდელოებამ სინოდზე მომხდარის შესახებ ისაუბრა

წმინდა სინოდის წევრებმა ისაუბრეს დღევანდელი სხდომის დეტალებზე, რომლებმაც მთელი საქართველო შოკში ჩააგდო
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მეუფე პეტრე (ცაავა) კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აყენებდა შეურაცხყოფას და დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებდა, განაცხადეს წმინდა სინოდის წევრებმა რიგგარეშე სხდომის შემდეგ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მოლოდინში – რა ხდება ამ წუთებში ეპარქიაში >>

ამ სხდომაზე მეუფე პეტრეს ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდება ჩამოერთვა და სინოდიდან გარიცხეს. მიზეზი კი გახდა მამათმავლობის ბრალდება, რომელიც მან კათოლიკოს-პატრიარქს წაუყენა. პეტრე ცაავას თქმით, მან მოითხოვა დრო იმისათვის, რომ მოწმეები წარმოადგინოს, მაგრამ მას უარი ეთქვა.

„მეუფე პეტრე არაერთხელ, წლების განმავლობაში აყენებდა შეურაცხყობას კათოლიკოს-პატრიარქს, და ახლა ეს სინოდის სხდომის მთავარი თემა გახდა“, - უამბო ჟურნალისტებს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ თქვა, რომ თავდაპირველად სინოდი არ აპირებდა პეტრე ცაავსთვის წოდების ჩამორთმევას.

„მან დაარღვია კანონიკური კანონი - წამოაყენა დაუსაბუთებული ბრალდებები. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოინანიოს, მაგრამ მან ყველა გზა მოგვიჭრა“, - ბრძანა ეპისკოპოსმა საბამ.

მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

წმინდა სინოდის სხდომაზე მომხდარი მოვლენების შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრა ცაგერისა და ლენტეხის მიტრიპოლიტმა სტეფანემ.

„როდესაც უწმინდესმა უთხრა, რატომ მაყენებ შეურაცხყოფას, მას არ გაუცია პასუხი. ეს იყო მისი მხრიდან შანტაჟი. რაღაც წერილით აშანტაჟებდა. მისი პოზიცია იყო, რომ მამალაძე არის როგორც გმირი და არაფერშია დამნაშავე, რომ ეკლესია მის წინააღმდეგ იბრძვის, ეს ყველაფერი არის სიცრუე და ამის საპირწონედ მეუფე პეტრეს უნდოდა ეთქვა - თუ ვინმე რამეს მეტყვის, მე წერილს გამოვაქვეყნებ. რაც შეეხება იმას, თუ რა წერია წერილში, მეუფე დიმიტრიმ თქვა, რომ მამალაძემ საზღვარგარეთ გააგზავნა წერილი, თუმცა არ ვიცით რა შინაარსის“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის დასაწყისიდან პატიმრობაშია. კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მას 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მეუფე პეტრე თავდაპირველად მამალაძის უდანაშაულობაზე აკეთებდა განცხადებებს.

რაც შეეხება დღევანდელ სინოდს, მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მეუფე პეტრე მწყობრიდან გამოვიდა.

„როდესაც მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი. მე მაგ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, რას იძახდა. მამაოები გადაეფარნენ პატრიარქს და პეტრე დარბაზიდან გაიყვანეს“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

გახარია: ეს არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე >>

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მეუფე პეტრეს საქციელს უხამსობა უწოდა.

„მეუფე პეტრემ არ დაგვოიტოვა არავითარი საშუალება ასეთი მძიმე გადაწყვეტილება არ მიგვეღო და ისე მოიქცა სინოდის სხდომაზე, ისე უხამსად მოიქცა, რომ ჩვენ იძულებულები გავხდით ხელით გაგვეყვანა წმიდა სინოდის სხდომიდან. უხამს სიტყვებს იძახდა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - ბრძანა მეუფე თეოდორემ.

თადუმაძე: გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება

მისი თქმით, როდესაც ადამიანის მხილება გსურს, თავიდან არგუმენტები უნდა წარმოადგინო, მერე კი ბრალდებები წაუყენო.

მეუფე თეოდორემ ასევე განმარტა, რომ პეტრე ცაავას ჩამოერთვა მაღალი სასულიერო წოდება, აეკრძალა მსახურება ტაძარში, მაგრამ ის მაინც მღვდლად რჩება.

სინოდმა ის მოსანანიებლად მონასტერში გაგზავნა.

რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიას, მას წარუძღვება მეუფე გრიგოლი (კაცია), რომელიც წალკელი ეპისკოპოსი იყო.