თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს მაშველებმა და ოჯახის წევრებმა დღეს მიაგნეს, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ახლობლები 29 წლის სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური. სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები ცხვარიჭამიის ტყეში მიმდინარეობდა, რადგან სანდრო ბერაძის მეგობრის თქმით, 112-ში სანდროს შეტყობინება სწორედ ამ ტერიტორიიდან შევიდა, რის მიხედვითაც დაახლოებით იცოდნენ ადგილი, სადაც დაიკარგა.
ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებდნენ. როგორც ბერაძის ერთ-ერთი მეგობარი აცხადებს, პოლიციამ ამოიღო კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდება სანდრო ბერაძე წერეთლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით.
ოჯახის ცნობით, სანდრო ბერაძე ოჯახის წევრებს ტელეფონით ბოლოს 25 ოქტომბერს ესაუბრა.