განათლების სამინისტრომ სკოლებში ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები დაასახელა

მინისტრის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა მასწავლებლის პროფესიას უკვე ხდის პრესტიჟულსა და მიმზიდველს
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიებია - ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ისტორიისა და მუსიკის მასწავლებელი, ამის შესახებ ისაუბრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე.

საჯარო სკოლების 30 ათასამდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო >>

მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა „მინიმალური კომპეტენციის“ დამადასტურებელი სავალდებულო გამოცდის ჩაბარებას მსხვილი ფულადი თანხის აღება და სამსახურიდან წასვლა ამჯობინეს, ქვეყნის 1400-ზე მეტ სკოლაში დაახლოებით 4500 ვაკანსია გაჩნდა. განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მათი რაოდენობა ყოველდღე შეიძლება შეიცვალოს.

პრესტიჟი და კარგი ხელფასი – განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის ახალ პროგრამას ნერგავს

ამჟამად სპეციალიზებულ ვებგვერდ Teacherjobs.ge-ზე რეგისტრირებულია 17 400 ადამიანი, რომლებსაც მასწავლებლობა სურთ.

ოქტომბრის მონაცემებით, სკოლაში პედაგოგიური საქმიანობის უფლება მიიღო დაახლოებით 1900-მა ადამიანმა, აქედან 1400 საჯაროს სკოლებში მასწავლებლის ვაკანსიაზე დასაქმდა, დანარჩენი 490 - კერძო სკოლაში ან სხვა პოზიციებზე.

მიმდინარე წლის ზაფხულში პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე და საგნის ცოდნის გამოცდაზე 30 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. მათგან ახალი კადრი აღმოჩნდა 10 ათასზე მეტი ადამიანი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, აღნიშნეს სამინისტროში. უმაღლესი, ათქულიანი ბარიერი გამოცდაზე პედაგოგთა 30%-მა გადალახა.

„ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ განათლების რეფორმის შედეგად, მასწავლებლობა პრესტიჟული და მიმზიდველი პროფესია ხდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტრო სკოლის სახელმძღვანელოების სრულყოფას აპირებს

მასწავლებლებთან შეხვედრაზე ბატიაშვილმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს სოფლის და იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მცირე რაოდენობაა.

მინისტრის თქმით, სკოლების ნახევარი (900-ზე მეტი), სადაც ერთიდან ასამდე მოსწავლე სწავლობს, კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტს ათწლეულების განმავლობაში განიცდის. პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში სოფლის სკოლებში ბოლო ათი წლის განმავლობაში გაიგზავნა 150 მასწავლებელი, მაგრამ მათ დეფიციტი მხოლოდ 40%-ით შეავსეს.

„პირებს, რომლებსაც აქვთ რომელიმე დისციპლინის/საგნის მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, სკოლაში კონკურსის გავლის შედეგად ერთვებიან 2 წლიან მომზადების პროგრამაში, გადიან დისტანციური მომზადების კურსს და აბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას“, - განმარტა ბატიაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლის ეროვნული სკოლა საშუალებას აძლევს როგორც მოქმედ, ისე მასწავლებლობის მსურველებს გაიარონ სამთვიანი კურსი და ასწავლონ ერთზე მეტი მომიჯნავე საგანი. მაგალითად, ასეთებია ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება, ან ქიმია და ბიოლოგია.

რა სიახლეები ელის სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს? >>

„პროგრამა ასწავლე საქართველოსთვის“ გააგრძელებს მასწავლებლების წარგზავნას განსაკუთრებით მოშორებულ და მთის სკოლებში“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

განათლების სისტემის რეფორმა ხუთ მიმართულებას მოიცავს: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. გამოცხადებული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მასწავლებლის პროფესია პრესტიჟულ საქმიანობად იქცეს.