თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ზუგდიდში, რეგიონის პედაგოგებს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესცენტრი ავრცელებს.
სკოლის მასწავლებლის ხელფასი დღეიდან 150 ლარით გაიზარდა >>
პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო გამოხატავს თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, იმისთვის, რომ თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია შეასრულოს მომავალი თაობების და პენსიონერების წინაშე.
როგირც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, ასეთი შეხვედრების დაწყება პედაგოგებისგან, ვინაიდან მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ.
„გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობის ფორმირებაში თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. სახელმწიფოსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბოლო პერიოდი, ბიუჯეტის ფორმირებიდან დაწყებული, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელზეც მომავალი წელიც იქნება დამყარებული. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს იმ მსხვილ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს როგორც ასეთს”, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, მასწავლებლებს აუცილებლად გაეზრდებათ ხელფასი.
„მასწავლებლებს წელსაც და მომავალ წელსაც გაეზრდებათ ხელფასი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, თუმცა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა დარგში არსებულ გამოწვევებზე და პედაგოგებს პრობლემებზე ღიად და გულწრფელად საუბრისკენ მოუწოდა.
„ეს არ არის საუბარი საუბრისთვის, თქვენ პირდაპირ მეუბნებით, რა არის პრობლემა და როგორ იქნებოდა უკეთესი, ამაზე რეაგირება კი ჩემი საქმეა. ისევე, როგორც ჩემგანაც აბსოლუტურად ღია და გულწრფელი პასუხი იქნება, რისი გაკეთებაა შესაძლებელი დღეს და რისი გაკეთება იქნება დღეს ცოტა რთული და უნდა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. სამწუხაროდ, ეკონომიკურად საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, სამწუხაროდ, ჯერ მდიდარ ქვეყანაში ვერ ვცხოვრობთ”, - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარია ზუგდიდში ახალგაზრდებს შეხვდა >>
გახარიას განცხადებით, ამ წინსვლას დასჭირდება ერთობლივი შრომა და წლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.