რა უნდა გუბაზ სანიკიძეს კიევში და ვინ აპირებს მასთან ერთად სააკაშვილთან კოორდინაციას

საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გუბაზ სანიკიძის განცხადებამ „მთავარი არხის“ ეთერში - უახლოეს ხანებში კიევში ჩავალ და სააკაშვილს შევხვდებიო.
Sputnik

 

გუბაზ სანიკიძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ქართული ოცნების დამარცხება შეუძლებელია და რაც არ უნდა ეკრიტიკებინა ყოფილი პრეზიდენტი, ის მაინც საერთაშორისო დონის პოლიტიკოსია, რომელიც კიევის ცენტრში 100-ათასობით მომხრეს კრეფდა.

გუბაზ სანიკიძის ამ განცხადებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. თუ სააკაშვილის მომხრეები უძღები შვილის დაბრუნებას ზეიმობდნენ, ხელისუფლების მომხრეები გააღიზიანა კოალიციიდან წასული თუ გაშვებული პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების განცხადებებმა.

კახი კალაძე – „ქართული ოცნების“ კონკურენტი თუ მაშველი რგოლი?

ლაშა ნაცვლიშვილი მათ დამუნათებას შეეცადა და ურთიერთობა განქორწინებული წყვილების ისტორიას შეადარა.

ხუმრობის ხასიათზე დადგა ქიბარ ხალვაში, რომელიც ფიქრობს, რომ რახან დამფინანსებელი დაუჭირეს, პარიზიდან გუბაზმა კიევში გადაინაცვლა.

უარყოფითი შეფასება მისცა ტრადიციონალისტთა ყოფილი ლიდერის გადაწყვეტილებას ბოლო დროის ექსპერტმა ლევან ლორთქიფანიძემაც, რომელიც ფიქრობს, რომ სანიკიძე ძიების პროცესშია. საკუთარი პარტიიდან წამოსვლის შემდეგ მან რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი გამოიცვალა. იყო ნინო ბურჯანაძესთან, რომელთანაც ნათლი-მირონობა აკავშირებს. ამჟამად ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაშია, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ ის და ვალერი გელბახიანი ამ პარტიასაც ტოვებენ.

ერთის ნაცვლად სამი კრიტიკული ტელევიზია ანუ ახალი შანსი ქართველ ჟურნალისტთა კოჰორტისათვის

ეს მთლად ნაციონალი ყოფილა, - ხუმრობენ ფეისბუქმომხმარებლები. სიმართლე კი ისაა, რომ ქართული პოლიტიკა ჯერ კიდევ ორპოლუსიანია და მესამე, რეალური ძალა არ იკვეთება. აქედან გამომდინარე დიდია ალბათობა, რომ წინასაარჩევნოდ კიდევ ბევრი საინტერესო კონფიგურაცია ვიხილოთ.