პირველად საქართველოში: ძროხები ექსპოს პოდიუმზე

ღონისძიების მიზანი საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობაა.
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, სადაც  ერთმანეთს  ექსპოს პოდიუმზე  ქვეყანაში მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ერთმანეთს შეეჯიბრება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები Facebook–გვერდზე.

„მესაქონლეობის ექსპო“  „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაციის“ ორგანიზებით 26 ოქტომბერს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე  თბილისის იპოდრომზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

საქართველოში ძროხების და ღორების რაოდენობა შემცირდა

ორგანიზატოორებიც ცნობით, „მესაქონლეობის ექსპო 2019“-ის მიზანი საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობაა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლისა და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და მათი მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება,რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის.

„მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შევამოწმოთ რძის ნაწარმი – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ>>

მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრების პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იქნება ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.

გერმანული სპერმა, თელავის მერია და „ლეიბორისტი" ძროხა

მესაქონლეობის ექსპოში მონაწილეობას მიიღებენ: ფერმერები, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორები, სახელმწიფო სამსახურები, მეცნიერები, ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშვებლები, ფინანსური ორგანიზაციები, პროფესიული და ინდუსტრიული ასოციაციები.

ორგანიზატორების ცნობით,  ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული პროდუქტები და მიიღონ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

„მესაქონლეობის ექსპოზე“ სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები, როგორებიცაა ჰოლშტეინი და წაბლა შვიცი, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიშები - მეგრული წითელი და წაბლა კავკასიური შეფასდებიან ესტონეთიდან მოწვეული და ქართველი ექსპერტების მიერ.

ქართულმა ყველმა პორტალ Food Insider-ის ყურადღება მიიპყრო>>

გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით, რომლებიც დაწესდა მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების მიერ.

ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებენ Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

გამოფენის  გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი, ოქროს სპონსორი - ცხოველთა ინოვაციური საკვების მწარმოებელი კომპანია „ნუტრიმაქსი", ვერცხლის სპონსორი კი – გლობალური კომპანია ცხოველთა თანამედროვე საკვების სფეროში „სანო".