ბერა ივანიშვილი ნოემბერში ამაზონის ტყეების მონახულებას გეგმავს

გუშინ მუსიკოსმა განაცხადა, რომ საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეების აღსადგენად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეების გადასარჩენად მილიონ დილარზე მეტს გადარიცხავს >>

ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტის“ (ISA) ცნობით, ქართველი მუსიკოსი ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობის ხმას ევროპამდე მიიტანს.

„ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა. სწორედ ამან უბიძგა მას, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო“, - წერია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
გახარია ბერას გადაწყვეტილებაზე საზოგადოების რეაქციას „აბსოლუტურად მიუღებელს“ უწოდებს

„სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტის“ აღნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა ბერას მხრიდან შემოწირულობას ითვალისწინებს, რაც ამაზონის ტყისა და იქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის გადარჩენასთან დაკავშირებით ორგანიზაციის საქმიანობას გააძლიერებს.

ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაციის ცნობით, ბერა ივანიშვილი ნოემბერში ბრაზილიაში ჩასვლას გეგმავს, რა დროსაც ამაზონის ტროპიკულ ტყეს მოინახულებს.

გუშინ მუსიკოსმა განაცხადა, რომ საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. თუმცა მომღერლის ამ გადაწყვეტილებას ქართველი საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბერას კრიტიკას მიუღებელი და უსამართლო უწოდა, რადგან მისმა ოჯახმა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დოლარი დახარჯა და ახლა ქვეყნის განათლების სისტემას ეხმარება. ახლახან ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ ქუთაისში საგანმანათლებლო კომპლექსის ასაშენებლად 1 მილიარდი ევრო გადარიცხა, აღნიშნა გახარიამ.

ბერა ივანიშვილი ნიგერიელი გოგონას ნათლია გახდა – ფოტოები >>

წელს ამაზონის ტყეებში, რომლებსაც „პლანეტის ფილტვებს“ უწოდებენ, 70 ათასზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც 2018 წელთან შედარებით 84%-ით მეტია. წლების განმავლობაში ეს ყველაზე საშინელი ტყის ხანძრები იყო.

ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს გამოეხმაურნენ და ფონდში დიდი თანხები გადარიცხეს, არიან ცნობილი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო და პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო.