ეს არის იშვიათი ამბავი იმაზე, პროფესიით ინჟინერ-მშენებელმა როგორ მაღალ პროფესიულ დონეზე შეასრულა ენათმეცნიერისთვისაც კი რთული სამუშაო, თანაც, სრულიად უცხო ქვეყანაში.
თუმცა მანამდე გრძელი გზა გაიარა, დასაწყისში მის წინაშე არსებული ენობრივი ბარიერი გადალახა, რისთვისაც ნიდერლანდებში გაუდის „გაუვე კოლეჯში“ (Gouwe College) ენის შესწავლის ინტენსიურ კურსებზე შევიდა, რის შემდეგაც ნიდერლანდურ ენაში სახელმწიფო გამოცდა ჩააბარა. შემდეგი ეტაპი- ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის კავკასიური ენების კათედრაზე ჩაბარებული საკონტროლო გამოცდა გახდა.
ყოველივე ამის შემდეგ მას, ქართველი ემიგრანტისთვის რისკიანი და ცოტა არ იყოს, „ავანტურული“ იდეა გაუჩნდა - შეექმნა პირველი ქართულ-ნიდერლანდური და ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი, რაც წარმატებით განახორციელა და რასაც ცხოვრების 17 წელი შეალია...
ბატონი არჩილი, რომელსაც იურიდიული განათლებაც აქვს, საქართველოში წლების მანძილზე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა. შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანული სამწერლობო კულტურის, ისტორიისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას იგი თანამედროვე ნიდერლანდების, ბელგიის სამეფოებსა და დასავლეთ ევროპაში წარმატებულად ეწევა. თქვენ წარმოიდგინეთ, ნიდერლანდურ ენაზე იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება” თარგმნა და გამოსცა.
2013 წელს მისი ნიდერლანდურ-ქართული და ქართულ-ნიდერლანდური ლექსიკონი ამსტერდამის გამომცემლობამ „პეგასუსი“ დაბეჭდა. ამ დროისთვის მწერლის უკვე რვა წიგნია გამოცემული, რამდენიმე წიგნზე ახლაც მუშაობს. ამავე დროს ბატონი არჩილი საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ნიდერლანდების სადროშოს მეთაური და ორგანიზაციის „ქართული დიასპორა“ დამფუძნებელი გახლავთ.
მოკლედ, მისი სახით ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა პატრიოტიზმი, რაციონალიზმი და შრომისმოყვარეობა ერთ პიროვნებაში თანაბრადაა მოცემული...
-ბატონო არჩილ, უცხო ქვეყანაში როდესაც ჩამოხვედით ალბათ თქვენ წინაშე ენობრივი ბარიერი იქნებოდა, იფიქრებდით მაშინ, რომ გავიდოდა დრო და უცხო ქვეყანაში ლექსიკონს გამოსცემდით?
- 25 წლის წინ, როდესაც ნიდერლანდებში ჩამოვედით, საქართველოს შესახებ აქ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობდა, ენის ბარიერი დიდ სირთულეს გვიქმნიდა. აქედან გამომდინარე, ალბათ მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი საქმის წამოწყებას გავრისკავდი. უცხო ქვეყანაში მხოლოდ შრომით, თავდადებით და მონდომებით თუ შეძლებ ფეხზე დადგომას. საერთოდ არავის ვუსურვებ სამშობლოს დატოვებას, რადგან სადაც დაიბადე და გაიზარდე, სადაც შენთვის ყველაფერი ახლობელია, მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში ყველაფერი უფრო ტკბილია. ახალი ცხოვრების დაწყება ადვილი არ არის, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომლის ენა არ იცი და რომლის გარემოც სრულიად უცხოა შენთვის. თუმცა სხვა გზას როცა ვერ ხედავ და წასვლა გადაწყვიტე, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. უნდა იცოდე, რომ გაშლილი ხელებით არსად გელოდებიან.
- მსგავსი ლექსიკონი თქვენამდე არ არსებობდა და დარწმუნებული ვარ, მის შესაქმნელად ურთულესი სამუშაო ჩაატარეთ, მაინტერესებს პირველ ეტაპზე ადგილობრივ სპეციალისტს თუ თხოვეთ დახმარება?
- ყველაფერი ენის შესწავლით დაიწყო. როცა აქ ჩამოვედი ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი კი არა, ელემენტარული სასწავლო წიგნიც არ არსებობდა. ენის სწავლასთან ერთად დავიწყე სიტყვარის შედგენაც, რასაც ალბათ უცხო ენის შესწავლის დროს ყველა აკეთებს. სწორედ მაშინ გავიცანი ჰოლანდიაში მცხოვრები ენათმეცნიერი, რუსული ენის სპეციალისტი, საიმენ ტოლი, რომელსაც ქართულის შესწავლა უნდოდა. ჩემი სურვილი გავუზიარე და მერე, ორი წლის განმავლობაში მასთან ერთად ლექსიკონზე თითქმის ყოველ დღე ვმუშაობდი.
- დამოუკიდებლად როდის გააგრძელეთ მუშაობა?
- საიმენთან ერთად ანბანის პირველი ოთხი ასო-ბგერის სიტყვების თარგმნა-დამუშავება მოვახერხე. ამ პერიოდში საკმაო ცოდნა მივიღე და გამოცდილება დავაგროვე. მერე დამოუკიდებლად გავაგრძელე ლექსიკონზე მუშაობა. ამისთვის გამოვიყენე სხვადასხვა ლექსიკონები: ნიდერლანდურ-რუსული, ნიდერლანდურ-ინგლისური, ინგლისურ-რუსული, ინგლისურ-ქართული, რუსულ-ქართული და სხვ.
- საქართველოში როდის გამოიცა ეს ლექსიკონი?
- საქართველოში პირველი ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი 2005 წელს გამოვეცით. აქვე მინდა ვახსენო, რომ ამ საქმიანობის დროს ყოველთვის გვერდში მედგნენ: ჩემი მეუღლე, ინგა პაპუაშვილი და ქალიშვილი, ნინო. ლექსიკონის გამოცემასა და პრეზენტაციაში ჩემი მეუღლის ბავშვობის მეგობარი, ქალბატონი ლალი გელაშვილი დაგვეხმარა. ამ ლექსიკონს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე ნიდერლანდებში. ასეთმა შეფასებამ იმის სტიმული მომცა, რომ ლექსიკონის მეორე, ანუ ქართულ-ნიდერლანდური ნაწილიც შემედგინა. ამ იდეის განსახორციელებლად დავუკავშირდი ამსტერდამის გამომცემლობასა და წიგნების მაღაზია „პეგასუსს“. მათ დამაკავშირეს ნიდერლანდური ენის საერთაშორისო გაერთიანება „ტაალუნის“ ლექსიკოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელთან, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის პროფესორთან, ბატონ ვილი მარტინთან (Willy Martin) და ამსტერდამის უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის და სლავური ფილოლოგიის პროფესორთან, ბატონ ვიმ ჰონსელაართან (Wim Honselaar), რომელსაც გამოცემული აქვს დიდი რუსულ-ნიდერლანდური ლექსიკონი. მათი რჩევებისა და ხელმძღვანელობის ქვეშ მოხდა პირველი ლექსიკონის გადამუშავება-გაფართოება და ქართულ-ნიდერლანდური ნაწილის შედგენა.
- ფაქტობრივად ნიდერლანდური გრამატიკის ძირფესვიანად შესწავლა მოგიხდათ...
-ლექსიკონზე მუშაობის პერიოდში ურთიერთობები მქონდა ქართველ ენათმეცნიერებთან და მომიწია, რომ ქართული და ნიდერლანდური გრამატიკა ძირფესვიანად შემესწავლა. ლექსიკონში აგრეთვე შესულია სიტყვების სინონიმები და ტექნიკური, იურიდიული, სამედიცინო და ბიოლოგიური ტერმინოლოგია. ამას ორივე ენაზე ქართული და ნიდერლანდური გრამატიკის შესახებ ინფორმაციაც დაემატა.
- ოფიციალური მთარგმნელის სტატუსიც გაქვთ, რასაც საკმაოდ რთულად იძლევიან ჰოლანდიაში...
- ლეიდენის უნივერსიტეტში, ნიდერლანდურ-ქართული ენების საკონტროლო გამოცდები ჩავაბარე. ჰააგის სასამართლოში დავდე ფიცი, რის მერე ნაფიცი მთარგმნელი გავხდი.
- თუ ფლობთ ინფორმაციას რამდენად სარგებლობენ თქვენს მიერ შედგენილ ლექსიკონით ჰოლანდიასა და საქართველოში?
-ამ ლექსიკონს იყენებენ ქართული ენის შესწავლის მსურველები ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტში და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტშიც- ისინი, ვისაც ნიდერლანდური ენის შესწავლის სურვილი აქვთ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ საქმით მცირეოდენი წვლილი შევიტანე ამ ენების შესწავლასა და გაცნობაში. ნიდერლანდებში, თითქმის ყველა ქართულ ოჯახში აქვთ ჩემი ლექსიკონი და არა მარტო ქართველებს, არამედ ბევრ ნიდერლანდელსაც, ვისაც საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობა აქვს.
- საქართველოდან თუ გქონდათ შემოთავაზება?
- დიახ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მქონდა შემოთავაზება, რომ თარგმანმცოდნეობის განხრით გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ სამწუხაროდ იმდენად ვარ დაკავებული, რომ ვერ მოვახერხე. ლექსიკონის გამოცემის შემდეგ გავაგრძელე მუშაობა ქართული და ნიდერლანდური ლიტერატურის და ისტორიული მასალების ქართულად და ნიდერლანდურად თარგმანებზე. ეს არ არის სიტყვებისა და წინადადებების ავტომატური თარგმნა, ეს მათი არსის გააზრება და შეგრძნება და ამ სახით მკითხველამდე მიტანაა.
- ჰოლანდიაში ორგანიზაცია „ქართული დიასპორა“ დააფუძნეთ, რომელიც ასევე ბევრ საჭირო საქმეს აკეთებს...
- ეს ორგანიზაცია ნიდერლანდებში ფეხის მოკიდების შემდეგ, მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ. მისი დამსახურებით ბევრმა ქართველმა გაიცნო ერთმანეთი, ბევრი შეხვედრა მოეწყო. საქართველოში არაერთხელ გავაგზავნეთ დახმარება. აქ კიდევ რამდენიმე ქართული დიასპორული ორგანიზაციაა, მათ შორის, „ქართული კულტურის ცენტრი“, „World of Diaspora“ და სხვები. აქტიური ურთიერთობები მათთანაც მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდელებს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურას ვაცნობ. ასე ვცდილობ, ჩემი მოვალეობა შევასრულო სამშობლოს წინაშე, რომელიც ძალიან მიყვარს და სულ მენატრება... არასოდეს დამავიწყდება ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი თბილისი, ახლობლები და მეგობრები. მთაწმინდა, სადაც ბავშვობა გავატარე. აქ მცხოვრები ქართველები სულ ვცდილობთ, რომ მომავალ თაობებს ქართული ტრადიციები, ზნეობა და სულიერება გადავცეთ. საქართველო ჩემი ტკივილი და საფიქრალია!..