აზერბაიჯანში არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელის მიყიდვა აიკრძალა

ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აგრეთვე სკოლებისა და საბავშვო ბაღების სიახლოვეს აიკრძალება
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. 2020 წლის 1 იანვრიდან აზერბაიჯანში არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ სასურსათო უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით.

სახელმწიფო სააგენტომ შეიმუშავა „ენერგეტიკულ სასმელთან დაკავშირებული დროებითი სანიტარული ნორმები და წესები“, რომლებიც წარმოადგენს ენერგეტიკული სასმელების წარმოების, იმპორტის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესების ერთობლიობას.

დამტკიცებულია: პროდუქტები, რომლებიც კიბოს იწვევს

დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლიდან, არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა აიკრძალება. ასევე შეუძლებელი იქნება ენერგეტიკების გაყიდვა სკოლებისა და საბავშვო ბაღების სიახლოვეს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი უკვე წარდგენილია იუსტიციის სამინისტროში, ასევე რეგისტრირებულია იურიდიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.

ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლები აზერბაიჯანში ენერგეტიკული სასმელების იმპორტსა და წარმოებაში ჩართულ მეწარმეებთან ხვდებიან, რათა მათ ახალი წესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.